Advertisements

„ვფიქრობ, ეს ქართული მხარის შეცდომაა“ – უკრაინა საქართველოდან ელჩის გაწვევას არ გეგმავს

უკრაინა არ აპირებს საქართველოდან საკუთარი ელჩის გაწვევას ქართული მხარის ანალოგიური მოქმედების მიუხედავად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში ვიზიტის დროს განაცხადა და ქართველი ეჩის გაწვევას შეცდომა უწოდა.

„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის ელჩის გამოწვევას, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნებისმიერ ხელისუფლებაზე ხანგრძლივია. ვფიქრობ, ეს ქართული მხარის შეცდომაა“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა მხოლოდ ამ სახელმწიფოს და მასში მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება.

„არავის განაწყენება არ გვსურს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე კი უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ის თანამდებობაზე დანიშნა“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საკუთარი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

Facebook Comments
Advertisements