უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილზე: მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებს, გაითვალისწინონ ჩვენი არგუმენტები

Nusagi

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნიდან საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის გაწვევას გამოეხმაურნენ და მიხეილ სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის აუცილებლობა განმარტეს. 

„ეპიდემიის დამარცხება და ეკონომიკის სტაბილიზაცია საერთო მიზნებს წარმოადგენს მთელი ევროპისთვის. ეს გამოწვევები უკრაინის ხელისუფლებისგან ახალი მიდგომებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას აქვს რეფორმების განხორციელების დიდი გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ ეს არგუმენტები. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინაში რეფორმების განხორციელებაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გაწვევას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დიპლომატიურ საქმიანობაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

„ვერ ვხედავთ ამაში ვერანაირ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობებს ემუქრებოდეს. ჩვენ არაერთი საერთო გამოწვევა გვაქვს“, – აცხადებენ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.  თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა  გაიწვია.

Facebook Comments
%d bloggers like this: