დიახ, დიად გამარჯვებას დამარცხებად ვერ გამოაცხადებენ დაბრაკული პაპების ბრაკი შვილიშვილები!-ბონდო მძინარაშვილი

Nusagi

,,ეს სურათი 2011 წლის აპრილში, ვლადიკავკაზშია გადაღებული – უცნობი ჯარისკაცის საფლავზე.

ვიცი, რომ ვიღაცას გააღიზიანებს ე.წ. გეორგიევსკის ლენტის დანახვა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს – იმ დროისთვის არც უკრაინის უბედურება იყო მომხდარი და არც ეს ლენტი აღიქმებოდა რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ. ამ ლენტით გაფორმებულ ორდენებს იღებდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა ჯარისკაცები, რომელთა შორის იყვნენ პაპაჩემი – ნიკალა მძინარაშვილი და მისი უმცროსი ძმები, ტყუპები – ბაგრატ და სიმონ მძინარაშვილები. ოჯახში სამი ვაჟი იყო და სამივე წავიდა სამშობლოს დასაცავად. შინ არცერთი არ დაბრუნებულა… მაშიკო, ნუშა და ლიზა კი შრომობდნენ, ობლად დარჩენილ პატარებს ზრდიდნენ და ქმრებს ელოდნენ…

მახსოვს, ომის დამთავრებიდან თითქმის 40 წელი იყო გასული, რთველი გვქონდა, საფერავს ვწურავდით საწნახელში და მაშიკო ბაბომ მაჭარი დააგემოვნა. ჩემი ძმა გაეხუმრა, – ნიკალა მოდისო. წარმოუდგენელი რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვებს: მაშიკო ბაბომ სასწრაფოდ ტუჩები მოიწმინდა, თავშალი შეისწორა და მარნიდან გასვლა დააპირა – მეუღლეს უნდა შეგებებოდა… ჩვენ გაგვეცინა და ისიც იღიმოდა სევდიანად… არ დავცინოდით, ვეხუმრებოდით, რადგან მოხუცების მოლოდინით სავსე თვალები ჩვენც გვასევდიანებდა…

და ახლა, ომის დამთავრებიდან 70 წლის შემდეგ, როცა აღარავინ ელოდება შინმოუსვლელებს და მომლოდინენიც შეუერთდნენ დიდ სოფელს, ვხვდები, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავში პაპაჩემი წევს… ყველგან, სადაც ასეთი საფლავებია… ან პაპაშენი… ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას – სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი წინაპრების ხსოვნას; ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ სამამულო ომის ვეტერანებს…

ამ დროს კი ვიღაც ვიგინდარა გამოხტება და გეორგიევსკის ლენტზე დაიწყებს ლაპარაკს…
წადით შვილოსა, ან პაპების საფლავებზე წააქციეთ თითო ჭიქა, ან უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგეთ პატივი, ანდა იმ ომში არწასულ თქვენს დეზერტირ პაპებს ჩასძახეთ/შესძახეთ, რა მოიგონეს იმისთანა, რომ დაებრაკათ?

აი, სწორედ იმ დაბრაკული პაპების ბრაკი შვილიშვილები გვამუნათებენ ახლა, რატომ მიაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას და რატომ სცემთ პატივს ვეტერანებსო…
თქვე უნაიროებო, ისინი ჩვენი პაპები იყვნენ და არიან, ჩვენ საკუთარი სისხლისა და ხორცის გმირობას და თავდადებას არ და ვერ დავივიწყებთ!
მათ ჩვენთვის გაწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე!

გილოცავთ, ძვირფასო ვეტერანებო!

გჯეროდეთ: საქართველოში ყოველთვის ემახსოვრებათ თქვენი გმირობა და თავდადება! საქართველოში ყოველთვის მიაგებენ პატივს სამშობლოსთვის დაცემულთა ნათელ ხსოვნას!

თქვენ ერთხელ უკვე მოიპოვეთ დიადი გამარჯვება და ამ გამარჯვების დამარცხებას ვერავინ შეძლებს!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: