Advertisements

„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“

„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL.com აქვეყნებს.
სტატიის ავტორის, ვიტალი ტისიაჩნის აზრით, რეფორმების კომიტეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სამშობლოში არაერთგზის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისმა კონსულტაციებისთვის გაიწვია.
როგორც გამოცემა უკრაინის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, კიევში დაბრუნების შემდეგ თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინულ მხარეს პროტესტის ნოტას გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თბილისისგან არც მეგობრული ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი. ექსპერტების აზრით, უკრაინა მოკავშირე ქვეყანას და რუსეთის მტერს კარგავს.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, იულია ოსმოლოვსკაიას განცხადებით, თბილისის ასეთი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება რუსეთის პირდაპირ ინტერესებში შედის.
„საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროსტრუქტურების მიმართულებით სინქრონულად მიდიან. ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბულობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებზე კოლექტიური ზეწოლის შესაძლებლობას ამცირებს, რაც რუსეთისა და მისი პოლიტიკისთვისაა სასარგებლო“, – აცხადებს იულია ოსმოლოვსკაია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცემის წყაროს განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნით ვოლოდიმირ ზელენსკი „მთავრობაში ტონუსის შენარჩუნებას“ ცდილობს და ამისთვის საუკეთესო საშუალება რეფორმების კომიტეტში მისი დანიშვნაა, ვინაიდან ამ ორგანოს არანაირი რეალური პასუხისმგებლობა არ აქვს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მთავრობის მუშაობაზე არაფორმალურ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ღია კონტროლს დაამყარებს, რაც მოდუნების საშუალებას არ მისცემს პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. ამიტომ სააკაშვილის დანიშვნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი პოზიტიური მომენტია. ერთი მხრივ, მისი თანამდებობა სიმბოლურია და რეფორმებზე ზეგავლენის არანაირი მექანიზმებს არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ, უკრაინამ საქართველოსთან კონფრონტაცია მიიღო. ტრაგედიას ამას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამაში არც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური დივიდენდები ჩანს. რეგიონში რუსეთის აქტიურობის გათვალისწინებით, პატარა, მაგრამ მეგობრული ქვეყნის მხარდაჭერის დაკარგვა ალოგიკური გადაწყვეტილებაა“, – წერს სტატიის ავტორი.
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

Facebook Comments
Advertisements