პოსტები სოციალური ქსელიდან

რა აკავშირებს საქართველოს ჰაკერებთან, რომელთაც ბრიტანული ინსტიტუტების სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს?

Nusagi

ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მცდელობა, რომ მოხდეს იმ თანამშრომლობის დისკრედიტაცია, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „დეილი მეილის“ სტატიაზე კომენტარისას აღნიშნა.

ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.
დარსალიას თქმით, საქართველოს დიდ ბრიტანეთთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კარგი თანამშრომლობა აკავშირებს.

„გახსოვთ ალბათ, თებერვალში სწორედ მათთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლინდა კიბერთავდასხმები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალსახად ვმუშაობთ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს არის სწორედ მცდელობა, რომ ამ თანამშრომლობის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული.
ვარაუდის დონეზე – საქართველოს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ვის ინტერესებშიც შედის, ეს რუსეთის ფედერაციაა, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ცალკეული კონკრეტული ფაქტების უკან, ეს შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა“,- განაცხადა დარსალიამ.
შეგახსენებთ:

ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსთან მებრძოლი ინსტიტუტების მონაცემთა ბაზები გატეხეს და ინფორმაცია მოიპარეს. მათ შორისაა უნივერსიტეტები და საკვლევი ლაბორატორიები.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ჰაკერების ნაწილი საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებდა და ეს ჯგუფი კრემლთან არის დაკავშირებული. მოპარული ინფორმაცია უკავშირდება ბრიტანეთის ათასობით მოქალაქეს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის და ვაქცინის სამედიცინო ცდებში მონაწილეობს.

დასავლეთ ლონდონის „ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევის“ კლინიკურმა დაწესებულებამ (HMR) აღიარა, რომ პასპორტების, ეროვნული სადაზღვევო ბარათებისა და სავიზო დოკუმენტების სკანირებული მასალები, ასევე პაციენტის ფოტოები, ჯანმრთელობის კითხვარი და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები 14 მარტს მოიპარეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, „მეიზმა“ აიღო და რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, ჰაკერების ჯგუფმა ორი მილიონი ფუნტ სტერლინგი მოითხოვა, თუმცა ამავე დროს, კომპანიას „ფასდაკლება“ შესთავაზა, თუ ის „კოვიდ-19“-ის სამკურნალო საშუალებას აღმოაჩენს.
ბრიტანული მედია წერს, რომ ქვეყნის სხვადასხვა უწყების წინააღმდეგ, ბოლო კვირების განმავლობაში უპრეცედენტო კიბერშეტევები ხორციელდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,232 ნახვა
%d bloggers like this: