პრემიერი: შეუძლებელია, პატიმრების გამოშვება პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი გახდეს

Nusagi

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის 8 მარტს ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, ქვეყნის დემოკრატიის პროცესში მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

“საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პერსონალურად ჩემთვის პროპორციულ სისტემას, ან მასთან მიახლოებულს, რომლითაც წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რაიმე სახით ამ საარჩევნო სისტემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, კატეგორიულად მიუღებელია. ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებამდე, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა, პრემიერ-მინისტრი ამასთან დაკავშირებით ამბობს, შეუძლებელია, პატიმრების გამოშვება პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი გახდეს.

“მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს. ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. ჯერ ერთი, ვადასტურებ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კონკრეტული მსჯავრდებულებების შესახებ კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომელიც დასრულებულია, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი. ან ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, რომელზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, მოვუწოდებ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში დარეგისტრირებულია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარლამენტი აღნიშნული ინიციატივის განხილვის დაწყებას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გეგმავს.

Facebook Comments
%d bloggers like this: