უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებული საქართველოს ელჩი სამშობლოში ჩამოვიდა

Nusagi

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოშია. ის ქვეყანაში მინსკის გავლით ჩამოვიდა და სხვა მგზავრებთან ერთად საკარანტინე სივრცეში იმყოფება.

საქართველოში ჩამოსვლამდე ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში მივიდა, სადაც საპროტესტო ნოტა წარადგინა და ოფიციალური თბილისის პოზიცია დააფიქსირა.

„ვიმყოფები საკარანტინო ზონაში სხვა მგზავრებთან ერთად. ველოდები ტესტის აღებას და გამოკვლევის შედეგებს. წამოსვლისას გავმართე შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადავეცი ქართული მხარის პოზიცია. ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე დიპლომატიაში მიღებულია.

ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებიათ და გარკვეულად გაგებითაც კი მოეკიდნენ. რეაგირება იყო, რომ უკრაინის მხარე ღებულობს პროტესტის ამ ფორმას და ის არ გამოიწვევს თავისი მხრიდან ელჩს და ყველანაირ ძალისხმევას იხმარს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. ველოდები საკარანტინო ვადის დამთავრებას და შემდეგ გაიმართება კონსულტაციები. მივიღებ შესაბამის მითითებებს“, – განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დანიშნა.

8 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: