ირაკლი სესიაშვილი: მოვუწოდებთ ოპოზიციას შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

Nusagi

მოვუწოდებთ ოპოზიციას შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„მოვუწოდებთ ოპოზიციას თავი დაანებონ ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმიტომ, რომ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი და რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია, რომ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში წარმოადგენს 120/30 და ასევე მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. რა პროცესსაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის ოპონენტების მხრიდან სწორედ მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების შეურაცხყოფა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან.

„ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ფაქტი და იმ პირებს ვისაც ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, მათ უკან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას. თუ ვინმეს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ოპონენტების მხრიდან ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​

Facebook Comments
%d bloggers like this: