,,კანონიერი ქურდი” სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივის

Nusagi

საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაერთ კრიმინალურ „ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც სხვა ქვეყნებში მათი გადაადგილება შეზღუდა.

ამასთან, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება.

ძირითადად საუბარია იმ „კანონიერ ქურდებზე“, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა 30-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“, მათ შორის არიან საკმაოდ გავლენიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული კრიმინალური „ავტორიტეტები“.

აღნიშნული პირების უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

„პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქოების გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის დიდი ძალისხმება გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ“, – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

ის კრიმინალური „ავტორიტეტის“ ილია სამსონიას ინტერესებს იცავს. სამსონია ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს.

46 წლის ილია სამსონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის მარტში დააკავეს და ბრალი “კანონიერი ქურდობისთვის” წაუყენეს.

ის საქართველოში შემოსვლას ყირგიზეთიდან ცდილობდა, სადაც 2012 წლიდან დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

სამსონიას სხვადასხვა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 15 წელზე მეტი აქვს გატარებული.

კრიმინალურ წრეებში მას „ილო ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია სამსონია „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს „მონათლეს“

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: