პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპზე აიცრან, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ

Nusagi

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, – აღნიშნა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, – აღნიშნა იმნაძემ.

არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას, პაატა იმნაძემ განცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რათა პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა – ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: