Advertisements

გადაწყვეტილება მიღებულია! – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს.

კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე.

ვადის საკითხს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ განიხილავენ. კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს.

ცვლილებების თანახმად, ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა კანონმდებლობის დონეზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „იზოლაცია“ ნიშნავს – ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან ისეთ პირობებში, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.

„საკარანტინო ღონისძიებებთან“ მიმართებით კი განმარტებულია, რომ ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, ასევე ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები -დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed