Advertisements

ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი – მარიამ ჯაში

ავსტრიელი მწერალი მარი ფონ ებნერ-ეშენბახი ამბობდა „ტყუილი მით უფრო საშიშია, რაც მეტი სიმართლე ურევია“. სწორედ ამ გამონათქვამის საფუძველზე მოგახსენებთ, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ნახევარსიმართლე, რატომ არის მისი მიღება საშიში და რატომ არ დაუჭერს მხარს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ არც ერთი წევრი”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სიმართლეა, რომ საქართველომ დღევანდელი მონაცემებით წარმატებით მართა კორონავირუსის ეპიდსიტუაცია.

” მე, როგორც ქართველი, ვარ ამაყი იმ შედეგით, რომელიც არის ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, პროფესორ-მასწავლებლების, საზღვრის დაცვის თანამშრომლების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და თითოეული მოქალაქის დამსახურება. მადლობას ვუხდი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელმაც საკუთარი პასუხისმგებლობით დაიცვა არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობა, არამედ სოციალური იზოლირების ნორმებში ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი მაგალითი საზოგადოებრივი სოლიდარობის და კონსოლიდაციის”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, სიმართლეა ასევე, რომ შემდგომ ეტაპებზე ეპიდსიტუაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია როგორც საქართველოში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

“მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ ჩვენ გვჭირდება ეპიდსიტუაციის უკეთესი შეფასება და პროგნოზირება დამატებითი კვლევების ჩატარებით. სამწუხაროდ სიმართლეა ისიც, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ ორჯერ გამოცხადებული ნდობისა, საგანგებო მდგომარეობის განხილვისას პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა არცერთხელ არ ჩათვალეს საჭიროდ, მოსულიყვნენ პარლამენტში. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გვესაუბრა როგორც უკვე მიღწეულ წარმატებებზე, ასევე ჩვენი საზოგადოებისათვის დღეს არსებულ ყველაზე მტკივნეულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. სამწუხაროდ, ასევე სიმართლეა, რომ აღნიშნული კანონპროექტით, საპარლამენტო რესპუბლიკაში „ქართული ოცნება“ აპირებს შეზღუდოს პარლამენტის უფლებამოსილება და წინასაარჩევნო პერიოდში საგანგებო ზომების გამოცხადება სრულიად გადააბაროს მთავრობას.

ჩვენი მოვალეობაა ვაკონტროლოთ მთავრობა და არა უკუნტროლო უფლებამოსილება მივანიჭოთ მას. განსაკუთრებით სარისკოა მსგავსი გადაწყვეტილება წინასაარჩევნო, დაძაბული პოლიტიკური ვითარების დროს, რომელმაც უკვე გააჩინა არაერთი კითხვა ჩვენს პარტნიორებს შორის”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, 13 აპრილს გამოქვეყნდა NDI -ს სტატია, სადაც ხაზგასმულია, რომ არადემოკრატიული ქვეყნები პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ პანდემიას. ამავე სტატიაში მითითებულია, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ლიდერებმა, პირიქით კორონავირუსის კრიზისი გამოიყენეს პოლიტიკური კონსოლიდაციისათვის – ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართული დიალოგისათვის სხვადასხვა პარტიებს შორის.

“წარმატებულ მაგალითებს შორის მოყვანილია ტაივანი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, და სხვა სახელმწიფოები. ვეცადოთ, რომ პანდემიის დროს საქართველოც მოვახვედროთ დემოკრატიულად მოაზროვნე ქვეყნების მაგალითებში და ამ კანონის მიღებით კიდევ ერთხელ არ გავწიროთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო კრიტიკისათვის. აბსოლუტური სიმართლეა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს უძლიერესი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გუნდი და ვერასდროს შევიტან ეჭვს მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მაგრამ სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი სამთავრობო გუნდზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა არ გამოიყენებს წინასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით მინიჭებულ შეუზღუდავ უფლებებს პოლიტიკური მიზნებისათვის. მით უმეტეს, რომ უკვე შეიმჩნება კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიზაციის ნიშნები.

აი, რას გთავაზობთ ჩვენი ფრაქცია: – გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა; – გავაცოცხლოთ ეკონომიკა და ვეცადოთ ჩვენი საზოგადოება დავუბრონოთ შედარებით ნორმალური ცხოვრების რიტმს; – ჩავატაროთ დამატებითი კვლევები, ერთად შევაფასოთ რეალური ეპიდ-ვითარება და განვსაზღვროთ პროგნოზები; – თუკი გახდება საჭირო კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგანგებო ზომების მიღება – ბატონო არჩილ – ნებისმიერ დღეს მოიწვიეთ პარლამენტი და პარლამენტის თანხმობით მივიღოთ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მართებული გადაწყვეტილება.”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, ნუ გარისკავენ ამ კანონის დამტკიცებას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით სერიოზულ კითხვებს გააჩენს და შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციაც დადგეს რისკის წინაშე.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს კენჭი უყაროს პირველი მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, არ მივიღოთა მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს პირველი მოსმენით ქართული ოცნების უმრავლესობა დაამტკიცებს კანონპროექტს, ჩვენ ვიქნებით იძულებული, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და, შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმზე”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed