მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და არ მინდა ვიყო სექსმუშაკი, მინდა ვიყო ფსიქოლოგი, ექიმი ან მასწავლებელი

Nusagi

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანსგენდერი ქალი არ ასოცირდებოდეს სექსმუშაკ ქალთან, მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და არ მინდა, ვიყო სექსმუშაკი, მინდა ვიყო სრულყოფილი ქალი,-ამის შესახებ ტრანსგენდერმა ქალმა, მადონა კიპაროიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის დაწვა სცადა, ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ფსიქოლოგობა სურს.

„მე შეიძლება ვიყო ბიოლოგიურად, ორიენტაციით განსხვავებული, მაგრამ ვიყო არაჩვეულებრივი ექიმი, არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი, მასწავლებელი და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ზოგადად, განათლებას უნდა შეუწყოს ხელი, რადგან მე ვიქნები განათლებული თუ ჰეტეროსექსუალი, ეს აისახება მეტ თავისუფლებაზე, მეტ ტოლერანტულობაზე, მეტ ჰუმანურობაზე, სწორედ გაუნათლებლობა შობს იმ ტკივილებს, რასაც ერთმანეთს ვაყენებთ“,-განაცხადა მან.

ტრანსგენდერი ქალი იმ ოჯახებსაც მიმართავს, სადაც შესაძლოა, ერთ-ერთმა წევრმა თავის თავში აღმოაჩინოს, რომ ტრანსგენდერია.

“მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა გაუხარდეთ, მაგრამ არც უნდა ეწყონოთ, უბრალოდ, ნეიტრალურად მიიღონ. არ გააგდონ ბავშვი სახლიდან, ვინაიდან როდესაც ოჯახი ქუჩაში აგდებს თავის 13-14 წლის შვილს, უნდა იცოდნენ, რომ მის სხეულში სული კვდება, ეძლევა დეპრესიას და შეიძლება სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. თუ ძლიერია, დარჩება და შეასრულებს საშინელ სამუშაოს, რომ თავი გადაირჩინოს. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. თუ სახლიდან გააგდებენ თავის 14 წლის შვილს, იცოდნენ, რომ ის ხელში ჩაუვარდება 50-55 წლის პედოფილს“,-განაცხადა მადონა კიპაროიძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: