Advertisements

საქართველოს გავლით სომხეთში ყოველ წელს შედის 20 000 სატვირთო მანქანა, საქართველო კარგავს მილიონობით შემოსავალს

პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე ეხმიანება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან სომხეთში კოვიდინფიცირებული მძღოლები შედიან და შესაბამისად, საქართველოს ოფიციალური კოვიდსტატისტიკა სანდო არ არის.

თეიმურაზ ქორიძის თქმით, ალბათ დადგა დრო, დავუბრუნდეთ აგროპროდუქტების საქართველოში შემოტანის ტრადიციულ, მომგებიან და ჯანმრთელობისთვის უხიფათო გზას – გემებით ფოთის ნავსადგურამდე და შემდეგ რკინიგზით თბილისსა და ერევნამდე.

„არსენ ტოროსიანის განცხადების პასუხად

ამ დღეებში გავრცელდა სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადება სომხეთში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ.

ბატონი ტოროსიანი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას სტატისტიკური მონაცემების დამალვაში და სომხეთში ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ბრძანებს, რომ „საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა კოვიდ-19, მათ შორის მძღოლებს.“

ვინაიდან საქართველო-სომხეთის საზღვრები ჩაკეტილია, „მძღოლებში“ იგულისხმებიან ის ადამიანები, ვისაც სატვირთო ავტომობილებით რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში აგროპროდუქტები და ძირითადად, ხორბალი შეაქვთ.
კარგა ხანია ამ თემაზე საქართველოშიც და სომხეთშიც აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა. 2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით ავტომანქანებით სომხეთში მარცვლეულის შეტანა აიკრძალა კიდეც, თუმცა, ძალიან მალე, სომხეთის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ, ეს აკრძალვა მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს გავლით სომხეთში შედის 500 000 ტონაზე მეტი სურსათი. ეს ნიშნავს, რომ ლარსის ხეობიდან თბილისის გავლით სომხეთში შედის დაახლოებით 20 000 სატვირთო ავტომანქანა, საქართველო კარგავს დაახლოებით 20 მილიონ დოლარ შემოსავალს, უფუნქციოდ რჩება საქართველოს რკინიგზა, კატასტროფის წინაშე დგება ეკოლოგიური ვითარება და, შესაბამისად, ლარსი-გუდაურის მრავალმილიარდიანი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ვინაიდან ბატონი ტოროსიანის და, შესაბამისად, სომხეთის ხელისუფლების აზრით, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო სწორედ სურსათის გადამზიდავი მძღოლები ყოფილან, ალბათ დადგა დრო, დავუბრუნდეთ აგროპროდუქტების საქართველოში შემოტანის ტრადიციულ, მომგებიან და ჯანმრთელობისთვის უხიფათო გზას – გემებით ფოთის ნავსადგურამდე და შემდეგ რკინიგზით თბილისსა და ერევნამდე“,-წერს თეიმურაზ ქორიძე.

Facebook Comments
Advertisements