ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„საქმეში მტკიცებულები არ არსებობდა. ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, რამაც ასახვა ჰპოვა მოსამართლის გადაწყვეტილებაში და გირაოს შეფარდებაში. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული