უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ-ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძის ვიდეომიმართვას ეხმიანება და წერს:

„ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში?

ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!

უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?

ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან?

ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად.

ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს.

ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.” – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძემ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მის მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი გახდება.

Facebook Comments

ახალი დადებული