26 მაისის ღამეს წმინდა გიორგიმ მიშველა, უცებ გაჩნდა და უცებ გაქრა

2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილე, რეზო რეხვიაშვილი სისხლიანი დარბევის დეტალებზე ყვება და ამბობს, რომ იმ ღამეს ძალოვნებისგან სიკვდილს წმინდა გიორგიმ გადაარჩინა.

რეზო რეხვიაშვილი სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილის, ნიკა კვინტრაძის მეგობარი იყო და მაისის აქციებზე მასთან ერთად დადიოდა.

„როგორ მიშველა წმინდა გიორგიმ 26 მაისის ღამეს.

ორნაირი გაზის გამოშვებისა და რეზინის ტყვიების კანანადის შემდეგ, ყოველი კუთხიდან გამომძვრალი ზონდერებისა და პროსპექტის ორივე მხრიდან ზვავივით წამოსული სპეცრაზმელების მიერ ნაცემ-ნაბეგვს უკან ხელებშეკრულსა და ასფალტზე დაგდებულს,მაინც არ მეშვებოდნენ, მირტყავდნენ და მოკალი მაგის დედაცო,ერთმანეთს ახელებდნენ,ვგრძნობდი უკვე,რომ გონებას ვკარგავდი,მივდიოდი მოკლედ.მთელი დარჩენილი ძალა მოვიკრიფე,ქაშუეთის ეკლესია თვალსაწიერში მოვიქციე და წმინდა გიორგის ტროპარის რამოდენიმეჯერ თქმის შემდეგ, თხოვნით მივმართე მას-უფალთან შენ წარმადგინე და შვილებს ნუ დამიტოვებ უყურადღებოდ მეთქი.

უცებ ვიღაცის ხმა ჩამესმა-რას აკეთებთ, რისთვის კლავთ, გაანებეთ თავიო, ბრძანებლური კილოთი. მერე მკლავზე ხელი წამავლო და პატარა ბალღივით ამიტაცა, (ვინც მიცნობს, არ არის ეგ მთლად იოლი). ფეხზე წამომაყენა და მეუბნება.-ნუ გეშინია, ძალის უქონლობა გაზის ბრალია, გაგივლისო.

თავისუფლების მოედანმდე ასე მატარა ხელჩაკიდებული, ვინმე სადისტს რომ არ ჩავვარდნოდი ხელში. იქვე პატრულის ეკიპაჟი მონახა, ჩააბარა ჩემი თავი და მკაცრი ტონით უთხრა: ხელი აღარ დააკაროთ, საკმარისზე მეტი მოხვდაო. მერე მომიბრუნდა ისევ და-მთლად სამშვიდობოზე ვერ გაგიყვან, მეც გამიგეო და იქვე მდგომ ზონდერ-ბრიგადაზე მიმითითა (მერე მითხრეს ახალაიას ხალხი ყოფილან) და როგორც უცებ გაჩნდა, ისევე უცებ გაქრა.

ბევრი ვეძებე შემდეგ, ვინც კი მყავდა ნაცნობი პოლიციასა და პროკურატურაში,ყველა შევაწუხე, მაგრამ,უშედეგოდ.
ასე გადამარჩინა ტყვეთა განმანთავისუფლებელმა,დიდება მის სახელს!რაც მთავარია,იმედი,რწმენა და სულიერი მხნეობა ჩამინერგა,რომელიც ძალიან დამეხმარა შემდგომ..აბა გიორგისთან ერთად ვიღასი შემეშინდებოდა.
ამას პირველად ვყვები რატომღაც.რატომ არ ვიცი.
ალბათ ასე იყო საჭირო.ყველაფერი ღვთის ნებაა“,-წერს რეზო რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, 2011 წლის 26  მაისს აქციის დარბევისას, მაშინდელმა ხელისუფლებამ  მომიტინგეებს, რომლებიც წყლის ჭავლს, ხელკეტებსა და ცრემლსადენ გაზს გაექცნენ, რუსთაველის ქუჩიდან ყველა გასასვლელი ჩაუკეტა. წლების შემდეგ,  სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონო ბრძანებით უფლებამოსილების გადამეტებაში ყოფილი ხელისუფლების შს მინისტრი  ვანო მერაბიშვილი  დამნაშავედ სცნო.

Facebook Comments

ახალი დადებული