გედევან ფოფხაძე არჩევნებამდე გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ხელჩართულ ბრძოლებს გამართავენ და აღსრულების სამსახურს აღსრულებაში ხელს შეუშლიან – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„აქ ითქვა, რომ გამოსახლებებზე მორატორიუმი აღარ იქნება და ეს საკითხი გახდება მსჯელობის საგანი მომავალში, როგორ მოვიქცეთ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, სჯობს სამართლებრივი გზები გამოვნახოთ, რომ გამოსახლებები არჩევნებამდე არ იყოს და მომავალში ახალმა მთავრობამ გადაწყვიტოს, როგორ მოექცევა ერთი მხრივ მევახშეებს და თაღლითებს და მეორე მხრივ მათგან დაზარალებულ მოქალაქეებს. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, ვერ ჩამოყალიბდებით და 15 ივლისიდან შეეცდებით გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ მე გპირდებით, რომ ჩვენ სახალხო მორატორიუმის ფარგლებში არ მოგცემთ ამის საშუალებას და ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს. თქვენს სინდისზე იყოს მერე დაგვიჭერთ, თუ არ დაგვიჭერთ, მაგრამ ეს იქნება ასე და თქვენ მოგიწევთ ნამდვილი ბრძოლის გადატანა აღსრულების დროს. მე მზად ვარ ჩავჯდე ამის გამო და მოვიხადო სასჯელი და თქვენს სინდისზე იყოს, ამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ თუ არა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.