Nusagi

გუშინ გავრცელდა იფნორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი თურქეთის მოქალაქეს ძალადობაში ამხელდა.

ინფორმაცია აქტიურად გაშუქდა მედიასაშუალებებში.

ფაქტს გამოეხმაურა იმ მამაკაცის ადვოკატი, რომელსაც ქალი ძალადობაში სდებს ბრალს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი დიანა გვიშიანი ამბობს, რომ მას და მის დაცვის ქვეშ მყოფს მეორე მხარე სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

მისი თქმით, ქალბატონი, რომელიც თურქეთის მოქალაქეს ძალადობაში ამხელს, თავად არის პროვოკატორი და მედიაში გაჟღერებული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს.

„ადგილი აქვს, პროვოკატორი ქალბატონის მცდელობებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დააბრალოს დანაშაული.

დღევანდელი მკაცრი პოლიტიკის ფონზე, ელემენტარული, თუნდაც მინიმალური სტანდარტი რომ ყოფილიყო ბრალის წარდგენის, აუცილებლად პროკურატურა ბრალს წაუყენებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.

წარვადგინეთ შესაბამისი მტკიცებულებები გამოძიებაში, სადაც ცალსახად დადასტურდა, რომ ქალბატონის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას.

კონკრეტულ დეტალებს მე ვერ გავასაჯაროებ, მაგრამ წარვადგინეთ ათასობით მიწერილი ესემესი, ფოტოსურათები, სადაც პირდაპირ აშანტაჟებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ უჩივლებს, დააჭერინებს და ა.შ.“ – აცხადებს დიანა გვიშიანი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰყავს მეუღლე, ლალი ბერიკიშვილი. მანამდე, იმ პროვოკატორ ქალბატონთან რა ურთიერთობა ჰქონდა არ ვიცი, ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ყოველ შემთხვევაში, ამ ქალმა იმიტომ გადაწყვიტა პროვოკაციების მოწყობა და ათასი სისულელის დაბრალება, რომ მამაკაცს სურდა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა.

აუცილებლად გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება პირველ რიგში იმაზე, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, გაასაჯაროვეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფოტო სურათები, უწოდეს მას მოძალადე, რომელიც არის აბსოლუტურად ტყუილი ბრალდება“, – აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, ქალბატონი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მუქარის შემცველ ესემესებს უგზავნის და ადვოკატისა და შვილების სიკვდილით ემუქრება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წუთას თურქეთში იმყოფება, თუმცა მასთან მაქვს კომუნიკაცია. მას არცერთ ეტაპზე საგამოძიებო უწყებისთვის თავი არ აურიდებია.

ძალიან კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი, ასევე მხარე, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, ჯერ საქმის მასალებს შეისწავლის და მერე გააკეთებს კომენტარს.

მე არ ვაპირებდი ამის წარდგენას გამოძიებაში, მაგრამ ახლა უკვე ნამდვილად გადავდგამთ ამ ნაბიჯს, გვაქვს ამ ქალბატონის მხრიდან გამოგზავნილი ახალი მუქარის შემცველი ესემესები ადვოკატზე, ანუ ჩემზე და ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილებსა და მეუღლეზე, სადაც ეს ქალბატონი სიცოცხლის მოსპობით გვემუქრება“, – ამბობს დიანა გვიშიანი.

წყარო:primetime

Facebook Comments
%d bloggers like this: