საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

Nusagi

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდება. ასევე, დაგაჯარიმებენ, თუ მანქანას ელექტრომობილის ადგილას გააჩერებთ და არ მიაერთებთ. ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან.

ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება – ჯარიმად განისაზღვრება 50 ლარი;

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე – ჯარიმის ოდენობაც ამ შემთხვევაში შეადგენს 50 ლარს.

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით – ჯარიმა განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს. ამასთან, შემოსავლის მიღების მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.

ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას გზაზე მიატოვებს 3 თვეზე მეტი ვადით, დაჯარიმდება 50 ლარით. მიტოვებულად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება თუ მას არ აქვს ძრავა ან საბურავები ან უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო სხვა ნაწილები.

“დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას ასეთი ქმედებისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება.

კანონმდებლობით ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო ცდილობს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას და ამ მიზნით პოპულარიზაციას უწევს ისეთ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

Facebook Comments
%d bloggers like this: