Advertisements

ამირან გამყრელიძე: საბურთალოს კლასტერის პირველწყარო შეიძლება იყოს მედიცინის მუშაკი

პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, ეპიდსიტუაცია საქართველოში სრულად მართვადია, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში ყველა ქვეყანაში მოხდა შემთხვევების მატება და სავარაუდოდ, ასე იქნება საქართველოშიც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

Nusagi

მისივე თქმით, თბილისში გაჩნდა ახალი, საბურთალოს კლასტერი, რომელიც 11 ინფიცირებული ადამიანისგან შედგება და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

„გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი, 6%-ს. გავრცელების მიხედვით მზარდია აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ზრდა არის უკრაინაში და ბელარუსშიც. ამიტომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად, საქართველოში ახალი შემთხვევები გამოვლინდა საკარანტინო ზონებიდან, ეს ხალხი ყველა შემოსულია მეზობელი ქვეყნებიდან“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინ 24 საათის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 2 ბოლნისის შემთხვევაა, ხოლო 9 გუშინწინ დადასტურებული 2 შემთხვევის კონტაქტებია.

„კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. მათი გადაყვანა ხდება თბილისის საკარანტინო სივრცეებში. ამ ახალი კლასტერის წევრები არიან ოჯახი და ოჯახის ახლობლები, ინფიცირების წყარო არის დიდი ალბათობით, ჩემი კოლეგა. თუმცა ის არის პირველწყარო, თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დადგენა მიმდინარეობს. ჩვენი ჯგუფი დღესაც გასულია და იღებენ ნიმუშებს. გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი საბურთალოზეა, ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივები, მე ამას ვერ დავასახელებ. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 1, პროცენტზე ცოტა მეტია, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი, არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ ვმართავთ, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს.

„მოსალოდნელია, რომ შემთხვევების მატება იყოს, თუმცა ეს მატება იქნება მართვადი. დღეს ყველაზე ცხელი წერტილია სოფელი მუშევანი, სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, გუშინ მოეწყო მასობრივი ტესტირების აქცია. ჩვენგან იყო ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა, სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება. მათ შორის ნახევარზე მეტის პასუხი უკვე არის, მათგან 2 დადასტურდა“,-განაცხადა გამყრელიძემ.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული