მინესოტას გუბერნატორი: ეს აქციები საზოგადოებაზე თავდასხმაა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს არის ამოფარებული

Nusagi

აშშ-ში, სადაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მინესოტას შტატის ისტორიაში პირველად, ხელისუფლება ეროვნული გვარდიის მობილიზებას ახდენს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ბრიფინგის ტრანსლაცია NBC News-ზე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. 

„ეს არის ზომები, რომელიც მინესოტას ეროვნული გვარდიის 164 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად გატარდება“,-განაცხადა უოლზმა. 

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები უკვე აღარ უკავშირდება ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას. მისივე თქმით, ეს უკვე საზოგადოებაზე თავდასხმა და დაცინვაა, რომელიც ფლოიდის დაღუპვას არის ამოფარებული. 

CNN-ის ცნობით, აშშ-ს ათობით ქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელსაც თან ახლავს არეულობა და ხანძრები. ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებია ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, დენვერში, ნიუ-იორკში, ინდიანაპოლისში, ბოსტონში, დეტროიტში და სხვა ქალაქებში. ზოგ შემთხვევაში ამბოხს თან ახლავს სროლა. ოკლენდში მოკლულია აშშ-ს დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელი. ყველაზე დაძაბული ვითარებაა მინეაპოლისში, სადაც ხელისუფლება სამხედრო პოლიციის გამოყვანას გეგმავს.

მოსახლეობა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში პოლიციელს ადანაშაულებს, რომელმაც ის ძალის გამოყენებით დააკავა. ფლოიდი დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. აქციები ორგანიზაციამ Black Lives Matter წამოიწყო. პროტესტი სროლაში, ხანძრებსა და ძარცვაში გადაიზარდა. ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. 

გუშინ, ვაშინგტონში, თეთრ სახლთანაც მოეწყო აქცია. მოგვიანებით ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ თუ მომიტინგეები შენობაში შესვლას შეეცდებოდნენ. იქ მათ „ავი ძაღლები საშინელი იარაღებით“ დახვდებოდნენ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: