Advertisements

europeanbestdestinations: საქართველო კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა

კორონავირუსი: ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებები ევროპაში

Nusagi

ვირუსის კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული ჩვენ რეგულარულად გაწვდით ინფორმაციას სიტუაციის შესახებ, რეალურ დროში განახლებად რუკებს, რომლებიც ასახავს მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობას. მდგომარეობა კი მუდმივად იცვლებოდა: თავდაპირველად ჩვენ გაგაცანით ტურისტული მიმართულებები, სადაც სტუმრობა არ იყო მიზანშეწონილი. შემდეგ კი, როცა კრიზისი პიკურ ფაზაში შევიდა, ჩვენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გირჩევდით შინ დარჩენას. -ამის შესახებ გამოცემა european best destinations წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას.

„დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა ხსნის საზღვრებს, ასევე იწყება ფრენების აღდგენა და სასტუმროების ხელახლა გაღება. კვირების განმავლობაში კარანტინში ყოფნის შემდეგ თქვენ ევროპაში მოგზაურობის სურვილი გიპყრობთ, თუმცა არ იცით, სად წახვიდეთ და რა ტიპის უსაფრთხოების ზომებია მიღებული ამა თუ იმ ქვეყანასა თუ რეგიონში.

ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის კორონავირუსისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ტურისტული მიმართულებები (ინფიცირების თითქმის 600-ჯერ ნაკლები შემთხვევა). ამ ტერიტორიებზე განხორციელდა ძალიან სპეციფიკური სანიტარული პროტოკოლები სასტუმროებში, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებზე – ისეთი ზომები, როგორიცაა კონდიციონერის ფილტრის გამოცვლა ყოველი მომდევნო სტუმრის შემდეგ, პირბადეების ხელმისაწვდომობა და სოციალური დისტანცირება. ამ ტურისტული მიმართულებების კიდევ ერთი უპირატესობაა საავადმყოფოების სიახლოვე და სულ მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა, ვიდრე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და, შეძლებისდაგვარად და მოთხოვნისებრ, დაიცავით პირადი ჰიგიენის ზომები, სოციალური დისტანცირება, ასევე ატარეთ პირბადე. მოერიდეთ მოგზაურობას, თუკი ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 70-ს გადაცილებულ პირებს, ასევე მათ, ვისაც ჭარბი წონა და სასუნთქი სისტემის პრობლემები აწუხებს. გარდა ამისა, ჩვენს ვალდებულებებში შედის ჩვენი ყველაზე სუსტი ახლობლების და მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეთა დაცვაც. ჩვენი რჩევაა, დაჯავშნოთ სასტუმროს ნომერი და მიუთითოთ არჩევანზე „თანხის 100%-ის დაბრუნებით გაუქმების ჯარიმის გარეშე“. ასევე დაჯავშნეთ თვითმფრინავის ბილეთები, ტურები და სხვა ღონისძიებები, რომელთა გაუქმებაც შესაძლებელია 24 საათით ადრე.

თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი. საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას. აქ განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

ქვეყანა ტურისტებისთვის 1 ივლისს გაიხსნება, რა მიზნითაც მოგზაურთა და მოქალაქეთა დასაცავად და უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად აქ ხორციელდება რიგი ჯანდაცვის ღონისძიებები. ვირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვწყურია ახალი გამოცდილება. თბილისი კი ზუსტად ის არის, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება: ტურისტული მიმართულება გონებაგახსნილი მიდგომებით, რომელიც ყველაზე უკეთ უთავსებს ერთმანეთს წარსულს, აწმყოს და მომავალს, კულტურასა და დასვენებას. 2020 წელს საქართველოს დედაქალაქი უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს – ეს არის იდეალური ადგილი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნების და არქიტექტურის მოყვარულთათვის. აქ “wow” ეფექტი გარანტირებულია. ოსმანის სტილში გადაწყვეტილი დიდებული შენობები ერწყმის შუა საუკუნეებით დათარიღებულ ნაგებობებს. გარდა ამისა, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ნეოკლასიციზმის, საბჭოთა და ულტრათანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებიც. თბილისი პატივს მიაგებს თავის წარსულს და, ამავე დროს, მომავლისკენ იყურება, კონცენტრირებულია თავის ახალგაზრდობაზე და თვალს უსწორებს მომავლის გამოწვევებს. აუცილებლად გირჩევთ თბილისის ერთ-ერთ მთაზე ასვლას და ქალაქის მფარველის – ქართლის დედის ნახვას. სწორედ იქედან იშლება საქართველოს დედაქალაქის, მშვიდობის ხიდის და მეტეხის ტაძრის, გოგირდის აბანოების და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის, საოცარი საათის კოშკის დაუვიწყარი პანორამული ხედი – ასევე აღსანიშნავია მთაწმინდის პარკი, სადაც გასართობს დიდიც და პატარაც იპოვის. თბილისის სტუმრებს ასობით ასეთი უნიკალური განცდა ელოდებათ. საქართველოს დედაქალაქი გამაოგნებელ სანახაობას წარმოადგენს გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ბუნება იღვიძებს, ასევე ზამთარში, როცა ინთება ათასობით ნათურა, ქალაქი საშობაო დეკორაციებით იწონებს თავს და იმართება ბაზრობები. იცით თუ არა, რომ თბილისი, კრიმინოგენური სიტუაციის მიხედვით, 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პარიზი და ლონდონი? იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველ 1000 მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლია, ვიდრე შვედეთსა და დანიაში? თბილისის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ტურისტებისთვის ბინების ფართო არჩევანი, რომლებიც წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება სტუმართა შორის, ასევე მცირე, ბუტიკის ტიპის და საოჯახო სასტუმროები. მეტი არგუმენტი გჭირდებათ? კეთილი. თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან კერძო აგარაკზე დასვენება 4-ჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე კლასის და იმავე ჯგუფის სასტუმროში ევროპის ნებისმიერ სხვა დედაქალაქში. დაზოგეთ სასტუმროს ხარჯები და დატკბით დაუვიწყარი ემოციებით და განცდებით თბილისში: მაგალითად, ხალხური ცეკვის კონცერტით ტრადიციული ქართული სუფრის თანხლებით. ბათუმი აჭარა (საქართველო) დღესდღეობით საქართველო წარმოადგენს კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას. აქ განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში. ბათუმი არის განსაკუთრებული ტურისტული მიმართულება, დაუვიწყარი მოგონებების წყარო, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. ბათუმში შეუძლებელია მოიწყინოთ. აქ ხომ ყველაფერია – დაწყებული პლაჟებით, დასასვენებელი ზონებით, გამაჯანსაღებელი ცენტრებით, მდგრადი ტურიზმით, ბუნებით, ლაშქრობებით და გართობით და დამთავრებული სავაჭრო ობიექტებით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმით და უნიკალური ატრაქციონებით როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ეს ტურისტული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ კრიმინოგენური მდგომარეობის თვალსაზრისითაც, რომელიც 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული დედაქალაქების უმრავლესობაში. გჭირდებათ/გნებავთ დასვენების გადავადება რამდენიმე კვირით კორონავირუსის გამო? არანაირი პრობლემა! ბათუმი ხომ შემოდგომაზეც იდეალურია და ტემპერატურა სექტემბერსა და ოქტომებრშიც ძალიან სასიამოვნოა. ბათუმი წარმოადგენს ულამაზესი პეიზაჟების, ცოცხალი კულტურის და ლეგენდარული სტუმარმასპინძლობის დიდებულ ნაზავს. ბათუმი აჭარის ცენტრია და სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. ეს თვალსმომჭრელი ქალაქი გეპატიჟებათ უძველესი ისტორიული მონუმენტების და თანამედროვე ცხოვრების სტილის კონტრასტის სანახავად. აჭარა გამაოგნებელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მწვერვალები, კულტურული მონუმენტები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, კოხტა ტბები და ტრადიციული სოფლები. აქ თქვენ დააგემოვნებთ ღვინის ათასგვარ ნაირსახეობას და სრულიად უცხო და საუცხოო კულინარიას, შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას და გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრები. მთები აქ ცას სწვდებიან და ბუნებასთან ერთობას გვასწავლიან. ასე რომ, ეწვიეთ „შავი ზღვის მარგალიტს“ ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში! დააჭაშნიკეთ ადგილობრივი ღვინის სახეობები, ისიამოვნეთ გამაჯანსაღებელი ცენტრების მომსახურებით, ეწვიეთ კულტურის ძეგლებს ან, თუნდაც, უბრალოდ, შეისეირნეთ სავაჭრო ობიექტებზე და შემდეგ მოდუნდით ულამაზეს გრძელ პლაჟებზე, სადაც დაცულია სოციალური დისტანცირება. მათთვის კი, ვისაც კიდევ რაიმე არგუმენტი სჭირდება ბათუმის სასარგებლოდ, დავძენთ, რომ ქალაქში 30-ზე მეტი საავადმყოფოა, მათ შორის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც პალატების ნაკლებობა არ შემჩნეულა კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან და სადაც, საჭიროების შემთვევაში, უცხოელ სტუმრებსაც სიხარულით მოემსახურებიან.“,-ნათქვამია სტატიაში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული