ოთარ თავართქილაძე: დარწმუნებული ვიყავი, ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ ვფიქრობდი მემოქმედა მხოლოდ ისე, კანონი არ დამერღვია

Nusagi

იმ 5-6 წუთის განმავლობაში, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გადავრჩებოდი, ვფიქრობდი მხოლოდ მემოქმედა ისე, რომ კანონი არ დამერღვია,-ამის შესახებ პატრულ-ინსპექტორმა, ოთარ თავართქილაძემ pos tv-ს გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა, სადაც ის  პოლიციის დღესთან დაკავშირებით იყო მიწვეული.

ოთარ თავართქილაძე გასულ წელს ბათუმის ქუჩაში ერთ-ერთმა კრიმინალმა გააჩერა და კისერში დანა ჩაარტყა, თავდამსხმელმა მისი მეწყვილეც, ავთანდილ მჟავანაძეც დაჭრა, თუმცა მჟავანძემ მისი დაკავება მაინც მოახერხა. 

როგორც ავთანდილ მჟავანაძე ამბობს, იქვე მდგომ მოქალაქეებს განწირული ხმით ეძახდა და სთხოვდა დამხმარებოდნენ, რადგან ოთარ თავართქილაძე, სისხლისგან იცლებოდა, თუმცა მათ შორის ერთადერთი პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ პატრული გადაერჩინა.

„განწირული ხმით ვეძახდი მოქალაქეებს, ვთხოვდი დამხმარებოდნენ, თუმცა ისინი შორიახლოს იდგნენ და არ გვეკარებოდნენ. ერთადერთი პიროვნება აღმოჩნდა, რომელიც ახლა უკვე ჩვენი მეგობარია, ის გვერდიდან არ მოგვშორებია. მინდა მივმართო მოქალაქეებს, არასდროს აქციონ ზურგი ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლიციელს თქვენი დახმარება სჭირდება“,-აცხადებს მჟავანაძე. 

ოთარ თავართქილაძე, რომელიც ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს, დღეს კვლავ აგრძელებს მუშაობას. გადაცემაში სტუმრობისას მან საზოგადოებას მიმართა:  

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გვყავს ოჯახები, ნათესავები. როდესაც ფორმას ვიცვამთ, ეს გრძნობები გვიათმაგდება. ალბათ ის პიროვნებაც, ვინც ეს გააკეთა, შეხედავს  ჩემს გამოსვლას და იმედია, მიხვდება, რომ მე იმ მომენტშიც დავინახე მასში 1 პროცენტი სიკეთე და არ ვიმოქმედე კანონის სრული შესაბამისობით, არ ვესროლე და არ გავწირე. დავუტოვე იმის შანსი, რომ დაფიქრდეს თავის საქციელზე. გამოიტანოს დასკვნები და  მომავალში იმოქმედოს იმ 1 პროცენტი პოზიტივის მიხედვით, და დარწმუნებული ვარ, ამ 1 პროცენტზე მეტია მასში პოზიტივი. მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, რომ ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ და ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად“,-აცხადებს პოლიციელი.

სამართალდამცველის თქმით, იმ მომენტში მას დამეხმარა თავისი სპორტული მონაცემები.

„დავკარგე 2 ლიტრი სისხლი, მიხვდი, რომ არტერია მქონდა გადაჭრილი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერი გადამარჩენდა, ამიტომ მოვიკრიბე ძალა და ვიდეოშიც ჩანს, რომ ვიმოქმედე ისე, რაც მასწავლა პოლიციის აკადემიამ. არ დამირღვევია კანონი. საბედნიეროდ, იქვე აღმოჩნდა პატიოსანი მოქალაქე, რომელმაც არ მიმატოვა, ბოლომდე ჩვენს გვერდით იყო და დამხმარე ძალის მოსვლამდე არ მივუტოვებივართ“,-აცხადებს ოთარ თავართქილაძე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: