აშშ-ში აქციაზე ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს ქალიშვილი დააკავეს

ნიუ იორკის ქუჩები საპროტესტო აქციის მონაწილეებით გაივსო. 31 მაისიდან ისინი გზის სავალ ნაწილს კეტავენ, ხიდების პარალიზებას ახდენენ და სამართალდამცველებთან კონფრონტაციაში შედიან, რაც პოლიციელების ავტომანქანების დაწვასა და ქვების სროლაში გამოიხატება.

აქციის დროს მანჰეტენზე დააკავეს ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს 25 წლის ქალიშვილი კიარა. ის ბროდვეისთან ახლოს „უკანონო შეკრების “ ბრალდებით აიყვანეს, თუმცა როდესაც მისი ვინაობა გაირკვა, სწრაფად გაათავისუფლეს.

ნიუ-იორკის პოლიციის პროფკავშირმა, ergeants Benevolent Association, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციაა და ბილ დე ბლაზიოს ხშირად აკრიტიკებს, Twitter-ზე განათავსა ინფორმაცია კიარას დაკავების შესახებ, სადაც წერია: „როგორ დაიცავს ნიუ-იორკის პოლიცია ქალაქს ანარქისტების არეულობისგან, როდესაც ქალაქის მერის ქალიშვილი ერთ-ერთი მათგანია?“.

ბლაზიო აცხადებს, რომ ძალიან ამაყია თავისი ქალიშვილის გამო, მისი თქმით, ის მშვიდობიანი აქციის მონაწილე იყო და საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია. თუმცა პრესის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პოლიციის შეტყობინებაში წერია, რომ კიარა სხვებთან ერთად დააკავეს იმის გამო, რომ უარს ამბობდა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე და ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლებს ქვებს ესროდა.

მერი ბილ დე ბლაზიო პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტია. მინეაპოლისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მან საკმაოდ საშიში განცხადებაც გააკეთა: „ჯორჯ ფლოიდი მკვდარია , ის მოკლეს იმის გამო, რომ შავკანიანი იყო. ყველაფერი ასე მარტივი და ძალიან საშინელია. ეს ასევე მტკივნეული და მიუღებელია. ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ და ბევრად სწრაფად ვიმოქმედოთ“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული