გიორგი გახარია – ბევრმა ადამიანმა დაკარგა და ვერ მიაქვს ოჯახში შემოსავალი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო და შესაძლებლობა

Nusagi

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დღეს კრიზისიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისიც გლობალურია, მთავრობამ თავისი გასაკეთებელი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გააკეთოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია, ცალკე აღებული  პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად. სწორედ ამიტომ, მივიღეთ პირველი ღონისძიებები და ჩვენი ეკონომიკური რეაქციის, ასე ვთქვათ, პოსტეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების პირველი, ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მაქსიმალურად დაფარვის მქონე ღონისძიებები, რაც იყო პირველ რიგში კომუნალური გადასახადები, სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ამან მოგვცა შესაძლებლობა,  მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები უკვე იღებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა ოთხი ყველაზე დაზარალებული სექტორითვის.

გიორგი გახარიამ პოსტკრიზისული ეკონომიკურ სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა განსახილველად მის სამუშაო ვარიანტს დასრულებისთანავე წარუდგენს მოქალაქეებს.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია, ეს არის სხვა ისტორია, ეს არის სხვა გეგმა, ამას ჭირდება სხვა დონის მუშაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პლატფორმებში, რომლებიც შევქმენით. ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელზეც ჩვენთან ერთად, გარდა ადგილობრივი ექსპერტებისა, მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე დელოიტის ნიუ იორკის ოფისის ანალიტიკოსები. ამ გეგმას დასრულებისთანავე, პირველ სამუშაო ვარიანტს გამოვიტანთ განსახილველად ჩვენს მოქალაქეებთან“,  – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული გეგმა, მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგად არის ცნობილი,  გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტიანი.

„ვიცი, რომ აქტიურად მუშაობთ ჩვენს კოლეგებთან როგორც ლონდონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების, ასევე დელოიტის წარმომადგენლებთან და თითოეულ თქვენგანს მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, ეს მუშაობა გავაგრძელოთ და გავააქტიუროთ. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს, შემდგომ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ამ გეგმას საბოლოო სახე მივცეთ და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი გეგმის განხორციელებაზე. როგორც წლევანდელ საბიუჯეტო წელს, ჩვენ გვექნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ძირითადი აქცენტი იქნება შემდგომი წლის, 2021 წლის გეგმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: