„ქრისტიანული მსოფლიო წესრიგის დასასრული არც თავად მსოფლიოს და არც ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს!“ – გიორგი ცუცქირიძე

Nusagi

ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ამერიკაში მიმდინარე პროცესები, არის არა უბრალოდ ძალების მოსინჯვა გენერალური რეპეტიის – არჩევნების წინ, არამედ დაპირისპირება ორ იდეოლოგიას -ტრადიციულ ქრისტიანულს და გლობალისტურს იგივე ათეისტურ მიმდინარეობებს შორის. ერთ მხარეს დგას ტრადიციული ამერიკა და მეორე მხარეს ნეო ლიბერალური ქსელი თავისი განშტოებებით და ფინანსური თუ საზოგადოებრივი გავლენებით, თუნდაც ჰოლივუდით. შემთხვევითი არ არის, რომ პროტესტში აქტიურად არის ჩართული ლგბტ აქტივისტები, და მათი წამყვანი ფლანგი ანტიფანტა, რომლებიც ტრადიციული ქრისტიანობის მიმართ ისედაც შეუწყნარებლები არიან. ამის დასტურია, არა მხოლოდ გადამწვარი მანქანები და გაძარცვული მაღაზიები, არამედ დემონსტრანტების მიერ თეთრ სახლთან მდებარე წმინდა იოანეს სახელობის ისტორიული ეკლესიისათვის ცეცხლის წაკიდებაც. მასში წირვაზე აშშ-ის ყველა პრეზიდენტია ნამყოფი.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ამერიკელი ევანგელისტი მქადაგებელი ფრანკლინ გრემი აცხადებს, რომ თუკი კანონად იქცა თანასწორობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დემოკრატებმა წარადგინეს და სამოქალაქო უფლებათა ფედერალურ კანონში „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ დაცულ კლასებად დამატებას გულისხმობს, ქრისტიანებისა და ეკლესიებისთვის ეს კატასტროფა იქნება, რადგან ლგბტ თემისთვის გათვალისწინებულია დაცვის იგივე გარანტიები, რაც სამოქალაქო უფლებათა კანონით რასობრივ უმცირესობებსა და ქალებს აქვთ, ეს კი მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს გამოიწვევს ქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანებისათვის.

ამ იდეოლოგიური დაპირისპირების კვანძიც აქ იხსნება, თუ ნოემბრის არჩევნებში დემოკრატები სენატსა და თეთრ სახლზე კონტროლს აიღებენ, ბუნებრივია, კანონპროექტი კანონად იქცევა. ნიშანდობლივია, რომ ამ კანონპროექტს წინ მხოლოდ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული სენატი და პრეზიდენტი ტრამპი აღუდგნენ.

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და თუნდაც გასულ წელს 20-21 ივნისს ოპოზიციის მიერ დაწყებული პროტესტის საპარლამენტო შტურმი და ამ პროტესტის პერმანენტული ხასიათი, რაც დღემდე გრძელდება ამ კონტექსტშია განსახილველი. არც ის არის ძნელი მისახვედრი თუ რა ძალები დგანან ოპოზიციის უკან.

შემთხვევითი არც დონალდ ტრამპის ტაძარში მისვლა იყო ბიბლიით ხელში. ამერიკელი მორწმუნეები და კონსერვატორი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქრისტიანები, როგორც არასდროს, გახდებიან შევიწროების მსხვერპლნი მათი რელიგიური მრწამსის გამო, რადგან სიძულვილის ენად იქნება მიჩნეული ბიბლიის სწავლება ჰომოსექსუალიზმისა და აბორტის ცოდვების შესახებ. ეს თვალსაზრისი სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ არის!

ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოყვება ზეწოლა ევროპის ქვეყნებზე და ამერიკის მოკავშირეებზე, მათ შორის ჩვენზე, ანალოგიური კანონმდებლობების მისაღებად, რაც აუცილებლად გამოიწვევს მძლავრ პროტესტს მთელ მსოფლიოში და თავად ამერიკაში.

ბუნებრივია, პოლიტიკური ვექტორის ამ კუთხით განვითარება, აუცილებლად მოიტანს მასობრივ გამოსვლებს ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ წავლენ არა მხოლოდ ტრადიციული ქრისტიანული კონფესიები, არამედ ვატიკანი.

საეჭვოა, ნეოლიბერალურმა ინტერნაციონალმა შეზღუდვებით და პოლიტიკის გამკაცრებით თუ აკრძალვებით, სიტუაცია განმუხტოს. ახალი პოსლიბერალური ეპოქის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადად დადგება, გაცილებით მალე, ვიდრე თავად ლიბერალებს ჰქონიათ, ოღონდ გაცილებით ცუდი სცენარით.

არჩევანი დიდი ალბათობით უკვე არა დემოკრატიასა და ტრადიციონალიზმზე გაკეთდება, არამედ ორი უკიდურესობა იქნება ან მემარჯვენე რადიკალიზმი, მზარდი ნაციონალიზმის სახით ან მემარცხენე რადიკალიზმი, ნეო მარქსიზმის სახით, სადაც დიდი მიხვედრა არ უნდა ამ უკანსკნელის შემთხვევაში ვინ იქნება მსოფლიო ახალი მეტროპოლია!

ქრისტიანული მსოფლიო წესრიგის დასასრული არც თავად მსოფლიოს და არც ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: