დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამასთან, მომავალი კვირა, 8 ივნისიდან, მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.
15 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, დღესასწაულზე დასრულდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: