ნანი მეფარიშვილი- მივესალმები, თუ საჯარო სივრცეებში მომხმარებელი შევა პირბადით, პერსონალი კი, პირბადის გარეშე დაცული იქნება ბარიერით

Nusagi

COVID-19 პანდემიის  საფრთხეების კონტროლი ჩვენმა სახელმწიფომ და ექიმებმა წარმატებით მოახდინეს, საინჟინრო კონტროლი კი,  სავალალო მდგომარეობაშია,-ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნანი მეფარიშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა.

ნანი მეფარიშვილის თქმით, პანდემიის  საფრთხეების კონტროლისთვის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პირველი რიგის სამუშაოდ მიიჩნევა ელიმინაცია ანუ ფიზიკურად საფრთხეების აღმოფხვრა, შემდეგ კი, საინჟინრო კონტროლი.

ნანი მეფარიშვილი: მე ვარ გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი. ეს სპეციალობა საქართველოში ისწავლება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან. ჩვენ ვქმნით შენობის მიკროკლიმატს. ანუ დამკვეთმა უნდა მოგვცეს სწორად ჩამოყალიბებული დავალება და ჩვენ ზუსტად ისეთ გარემოს შევუქმნით, როგორსაც მოგვთხოვს. რატომღაც დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონაც კარგად იცნობენ თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს და შეუძლიათ გასცენ რეკომენდაციები, თუ როგორი ტექნიკა უნდა იყოს გამოყენებული. როგორც მოგეხსენებათ COVID-19 მსოფლიო პანდემიაა და გარდა ექიმებისა მასთან ბრძოლაში ჩართულები არიან საკმაოდ ძლიერი საინჟინრო ორგანიზაციები, რომელთა მიერ გაცემული რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დადგა მეორე საკითხი, როგორც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური სამედიცინო რეკომენდაციების გაგების კუთხით, ასევე ვერ იქნება კომპეტენტური ექიმი (მიუხედავად ჩემი მათ მიმართ უდიდესი პატივისცემისა), საინჟინრო რეკომენდაციების გაგების კუთხით. ამიტომაა საჭირო და აუცილებელი ინჟინრებისა და ექიმების ურთიერთ თანამშრომლობა,  რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ამ მძიმე სენისაგან. 

-რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ექიმმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ქსოვილში (პირბადეში) ნახშირორჟანგის დაგროვება აბსურდია. არის ამასთან დაკავშირებით რაიმე ცდა ჩატარებული?

-მე არ ვიცი ეპიდემიოლოგებმა რა ცდა ჩაატარეს ამ კუთხით. ასეთი ცდის ჩატარება არ წარმოადგენს სირთულეს. არსებობს ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გასაზომი ხელსაწყო. საჭიროა ვიცოდეთ ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია რა გავლენას ახდენს ადამიანზე. როგორც ვიცით, ადამიანის ამონასუნთქ ჰაერში მაღალია ნახშირორჟანგის შემცველობა. ძნელი წარმოსადგენი არაა რომ პირბადე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ვერ მოახდენს მთლიანად ამონასუნთქი ჰაერის გატარებას, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ამონასუნთქი ჰაერის ჩაბრუნება ფილტვებში. ეს შემიძლია ვთქვა როგორც ინჟინერმა, რადგან აეროდინამიკა ჯერ არავის შეუცვლია. ხოლო რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ნახშირორჟანგის გაზრდილი კონცენტრაცია ჰაერში უმრავლესობას ნაგრძნობი აქვს საკუთარ თავზე.  

-ექიმებს, ექთნებს ყოველდღიურად, ოპერაციების დროს საათობით უკეთიათ პირბადე, გამოდის, რომ ისინიც რისკის ქვეშ არიან? თუ ჰაერის კონდიცირებას აქვს მნიშვნელობა? 

-ჰაერის კონდიცირება ნიშნავს ჰაერის მოცემული პარამეტრებით მიწოდებას. სამედიცინო დაწესებულებებში ვალდებულები ვართ მივაწოდოთ დამუშავებული ჰაერი, რომელშიც ნორმაში იქნება ყველა პარამეტრი. ნამდვილად რთული სამუშაო აქვთ ექიმებს და ექთნებს და ძნელია იმ დამცავი აღჭურვილობის ტარება, რაც მათ უწევთ ამ პანდემიის დროს. ამიტომაც არის დადგენილი ყოველ ოთხ საათში მათი შეცვლა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ სამუშაო სივრცეში მუდმივად მიეწოდებათ დამუშავებული სუფთა ჰაერი. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს.

-ხალხმრავალ, საჯარო ადგილებში დროებით შემსვლელთათვის პირბადე არ წარმოადგენს პრობლემას, პირიქით, მე პირადად, დაცულადაც ვგრძნობ თავს, მაგრამ ამ სივრცეებში მომუშავე პერსონალისთვის დისკომფორტის გარდა, რაიმე საშიშროებას წარმოადგენს?

-დროებით შემსვლელებს ნამდვილად უნდა გვეკეთოს პირბადე, რადგან დავიცვათ თავი და გარშემომყოფები ინფექციისაგან. როგორც გვეუბნებიან, ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. კარგად მუშაობს დამცავი ბარიერები. მე მივესალმები, თუ საჯარო სივრცეებში მომხმარებელი შევა პირბადით, თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო ბარიერით, ხოლო იქ მომუშავე პერსონალი იქნება დაცული დამცავი ბარიერის საშუალებით და პირბადის გარეშე. ან გამოიცვალონ ყოველ 2 საათში და მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება. როგორც ზემოთ ვთქვი, ნახშირორჟანგით გაჯერებული ჰაერის სუნთქვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება სერიოზულად აისახოს მათ ჯანმრთელობაზე. ასე რომ შეიძლება დავძლიოთ კოვიდინფექცია და მივიღოთ დაავადებული ახალგაზრდები, რადგან საჯარო ადგილებში უმეტესად ისინი მუშაობენ. ჯანმო-მ მარტის ბოლოს, განაცხადა, რომ პირბადე ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა ეკეთოს, თუმცა შემდეგ შეცვალა, ახლა როგორია მათი რეკომენდაცია და შეუძლია თუ არა, საქართველოს, თვითონ შეცვალოს რამე? 

ჯანმო-მ მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადე საჭირო არ არის, შემდეგ კი, შეცვალა თავისივე რეკომენდაცია.

-გასაგებიცაა რატომ შეცვალა ჯანმო-მ ეს დამოკიდებულება, რადგან არსებობენ უსიმპტომო ვირუსის მატარებლები. ამიტომ გაძნელდა გამოიცნო ადამიანი დაავადებულია თუ არა. მაგრამ ღია სივრცეში არ არის მოთხოვნა პირბადის ტარების, უბრალოდ საჭიროა დისტანციის დაცვა. ასევე დასაცავია პირადი ჰიგიენის ნორმები. როგორც კი ექიმებმა განმარტეს როგორი ვირუსია და დაადგინეს მისი პარამეტრები, ინჟინრებმა განსაზღვრეს მისი მოძრაობის ტრაექტორია, რა მანძილზე გამოიტყორცნება ხველების ან ცემინების დროს. ექიმებისა და ინჟინრების ერთობლივი მუშაობით დადგინდა დისტანცია ღია და დახურულ სივრცეებში. ასევე მათი ერთობლივი მუშაობით დადგინდა, რომ ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება აუცილებელიც კია, რომ შემცირდეს ვირუსების კონცენტრაცია სათავსოში. რა თქმა უნდა, ამ სისტემების მიმართ წაყენებულია განსაკუთრებული მოთხოვნები, განსხვავებული, ვიდრე იყო პანდემიამდე,  რომელიც უნდა დააკმაყოფილონ ამ სისტემებმა. ასე რომ შესაძლებელია მოხდეს ნორმალური პირობების შექმნა ადამიანებისათვის მათი ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

ბევრს მიაჩნია, რომ პირბადის ტარება საერთოდ არ არის საჭირო და ამას გარკვეული ბიზნესის გამო გვაიძულებენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს თქვენი აზრით? 

-პირბადეების ტარება ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. გამოვიყენოთ სადაც აუცილებელია და არ გამოვიყენოთ სადაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. ყოველდღიურად 10 საათის მანძილზე პირბადის ტარება ვფიქრობ ნამდვიალად სახიფათია, რაშიც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებიან ჩვენი ექიმები. ​

Facebook Comments
%d bloggers like this: