პირბადით ცხვირი და პირი სრულად თუ არ დაიფარება, დაჯარიმდებით

Nusagi

პირბადის ტარების წესს მთავრობა შეიმუშავებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდება. წესში ასევე გაწერილი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე.

“პირბადე ცხვირს და ნიკაპს უნდა ფარავდეს. ეს მოთხოვნა იქნება. ის, რომ ვიღაცას პირბადე ფორმალურად უკეთია, ეს დარღვევად ჩაითვლება”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, წესში განსაზღვრული არ იქნება კონკრეტული პირბადე, რომელიც მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს.

“საუბარია იგივე პირბადეზე, რასაც აქამდე ვატარებდით – ის, რაც იყიდება, ან ადამიანები კერავდნენ მას ჩვეულებრივი ქსოვილით. მთავარია იყოს პირბადე, რაღაც განსაკუთრებული მახასიათებელი არ ექნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და არ შეუძლიათ პირბადის გაკეთება, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი ცნობა უნდა აიღონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მთავრობა პირბადის ტარების წესს დღეს გამოაქვეყნებს. საზოგადოებას დღეს და ხვალ მისი გაცნობის შესაძლებლობა ექნება, ორშაბათიდან, 15 ივნისიდან კი, მკაცრი ადმინისტრირება მოხდება.

კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.   

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

Facebook Comments
%d bloggers like this: