Advertisements

ხათუნა სიჭინავა: ვენტილაციის გამართული სისტემით, ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია

ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი შეიძლება გავრცელდეს ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების მუშაობის შედეგად,-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორმა,  ხათუნა სიჭინავამ „ინფო ფოსტალონთან“ საუბრისას განაცხადა.

Nusagi

ხათუნა სიჭინავა სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის, ტკ 7 „ენერგოეფექტურობის“ თავმჯდომარეა, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვედრაზე გადაეცა სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს აბიტურიენტებისათვის შესაბამისი გარემო პირობების შესაქმნელად.

ხათუნა სიჭინავა: პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესები შეცვალა მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ უნდა  გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, რომ შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება. საქართველოს კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი თავდადებული მუშაობის შედეგად ქვეყანა გადარჩა ვირუსის ისეთ გავრცელებას, როგორც ეს სამწუხაროდ ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებში მოხდა. 

-როგორც ტექნიკური სპეციალისტი, არ ეთანხმებით კონდინცირების სისტემების მუშაობის აკრძალვას შენობებში?

-დღეს ჩვენი პატივსაცემი ექიმები საუბრობენ  საინჟინრო სისტემების მუშაობაზე. მე კი, მიმაჩნია, რომ ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის კვალიფიციური შეფასება შეუძლია მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტებს. სამედიცინო პერსონალისა და ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი შეთანხმებით, შეგვიძლია მივაღწიოთ შენობებში ისეთი მიკროკლიმატის შექმნას, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ იყოს.

– როდის ჩამოყალიბდა საქართველოში ორგანიზაცია, რომელიც ტექნიკურ საკითხებს განიხილავს?

-2018 წელს,  სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი ტკ 7 „ენერგოეფექტურობა“. მასში გაერთიანებულია ნაციონალური ექსპერტების ჯგუფი, რომელიც მუშაობს ენერგოეფექტურობის კანონის, მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მოთხოვნების რეგულაციის შემუშავებისა და დამტკიცების საკითხებზე. შარშან ტკ 7-მა მიიღო სსტ ისო 50001:2018/2019  „ენერგომენეჯმენტის სისტემები-მოთხოვნები და სახელმძღვანელო მითითებები“ , 2020 წელს ტექნიკური კომიტეტი მიიღებს საქართველოს სტანდარტს ენერგოაუდიტის შესახებ.

21 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, რომლის მიზანია ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა. შემუშავებულია  რეგულაციები, რომელშიც წარმოდგენილია შენობების საინჟინრო აღჭურვის სისტემებისათვის წაყენებული მოთხოვნები ანუ განათების, ცხელწყალმომარაგების, გათბობა, ვენტილაცია კონდინცირების სისტემებისათვის. სწორედ ეს ექსპერტები მყავდა მხედველობაში, როდესაც აღვნიშნე, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, გარდა სამედიცინო პერსონალისა, აუცილებელია ჩაერთოს საინჟინრო ორგანიზაციებიც, რათა ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ სასურველი კლიმატური პირობების შექმნას შენობებში.

ეროვნულ საგამოცდო ცენტრებისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ დიდი დავა გამოიწვია.  ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრა რა შედეგით დასრულდა?

-როდესაც გავეცანით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოთხოვნებს ეროვნული საგამოცდო ცენტრებისადმი, დავუკავშირდით მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას. ოთხი დღის წინ გაიმართა შეხვედრა ქალბატონ თამართან, რომელსაც ესწრებოდნენ ტექნიკური კომიტეტის წევრები გათბობა, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესორები, ქალბატონი ნანი მეფარიშვილი და ბატონი სიმონ ბარამიძე.

მათ მიერ წარდგენილი იყო ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს აბიტურიენტებისთვის შესაბამისი გარემო პირობების შესაქმნელად საჭირო რეკომენდაციები. შეხვედრამ ჩაიარა საქმიან ატმოსფეროში და ჯანმრთელობის სამინისტროში ორი დღის წინ კვლავ გაიმართა მეორე შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ბექა ფერაძესთან, რომელსაც გადაეცა ტექნიკური კომიტეტის  ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებისადმი წაყენებული მოთხოვნები COVID-19-ის პირობებში ეროვნული საგამოცდო ცენტრებისათვის. ჩამოთვლილი მოთხოვნის გათვალისწინებით, არანაირი საფრთხე აღარ შეექმნება აბიტურიენტების ჯანმრთელობას.  

-ითვალისწინებს თუ არა თქვენს მიერ წარდგენილი მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს?

რა თქმა უნდა, წარდგენილი მოთხოვნები ითვალისწინებს საერთაშორისო -Eurovent,  REHVA და ASHRAE  ორგანიზაციების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს რომელიც ამტკიცებს, რომ ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემების გამორთვა არ არის რეკომენდებული ვირუსის გავრცელების შემცირებისათვის. ამ რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული სისტემების  შენარჩუნება და მათი ექსპლუატაცია უნდა მოხდეს ჰიგიენური სტანდარტების დაცვით.

-ხომ ვერ დაგვიზუსტებთ რა რეკომენდაციები გადაეცით ჯანმრთელობის სამინისტროს და რისი გათვალისწინებაა საჭირო?

ეს რეკომენდაციები მომზადებულია ქალბატონი ნანი მეფარიშვილის მიერ, რომელსაც მხარს უჭერენ ტექნიკური კომიტეტის ექსპერტები.

პანდემიის რისკის პერიოდში სასარგებლო იქნება შემდეგი ღონისძიებების გატარება:

საჭიროა  ვენტილაციის სიჩქარისა და სისტემაში გარე ჰაერის პროცენტული წილის გაზრდა;

უნდა გახანგრძლივდეს ვენტილაციის სისტემის მუშაობის პერიოდი;

სავენტილაციო დანადგარების მომსახურების დროს, აუცილებლად დაცული უნდა იყოს აღნიშნული დანადგარების მწარმოებლის მოთხოვნები;

რეკომენდირებულია შენარჩუნდეს ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 30%- ზე მაღლა. 

პრაქტიკული ზომები 

სათავსოებისათვის გარე ჰაერის მოწოდებით უსაფრთხო ვენტილაცია (სატრანსპორტო მაგისტრალების მიმდებარედ ჰაერის აღება უნდა მოხდეს მიწის ზედაპირიდან 4 -5 მეტრ სიმაღლეზე);

ვენტილაცია უნდა ჩაირთოს ნომინალურ სიჩქარეზე, არანაკლებ 2 საათით ადრე ვიდრე მოხდება შენობის გამოყენება/დატვირთვა, ხოლო შენობის დატვირთვიდან  2 საათის შემდეგ, საჭიროა ვენტილაციის გადართვა დაბალ სიჩქარეზე; 

ღამით და დასვენების დღეებში არ უნდა მოხდეს ვენტილაციის გამორთვა. აღნიშნულ დღეებში ვენტილაცია უნდა მუშაობდეს 24 საათის განმავლობაში დაბალ სიჩქარეზე;

საჭიროა  რეგულარული განიავების უზრუნველყოფა ფანჯრების გამოღებით (შენობის დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ 15 წუთით) მექანიკური ვენტილაციის შემთხვევაშიც კი; 

ტუალეტებში ვენტილაციამ უნდა იმუშაოს 24 საათი 7 დღე, ანუ უწყვეტ რეჟიმში; 

არ არის რეკომენდებული  ტუალეტებში ფანჯრების გამოღება, რათა თავიდან ავიცილოთ ტუალეტებიდან კორიდორებში ჰაერის გადინება; 

კონდიციონერები უნდა გადაირთოს რეცურკულაციის რეჟიმიდან 100% გარედან შემოტანილი ჰაერის რეჟიმზე;

აუცილებელია შემოწმდეს სითბოს რეგენერაციის დანადგარები (რეკუპერატორები), რომ გამოირიცხოს ჰაერის გაჟონვა, ნაკადების შერევა.

ვენტილატორების მუდმივი მუშაობის უზრუნველყოფისათვის, საჭიროა ფანკოილების ექსპლუატაცია გამორთულ ან მუდმივად ჩართულ რეჟიმში; 

გამორიცხულია კედლის რეკუპერატორების გამოყენება, რადგან მოხდება გატანილი და შემოტანილი ჰაერის შერევა;

შესაძლებელია სპლიტ კონდიციონერების გამოყენება, თუ მოხდება სათავსის მუდმივ რეჟიმში განიავება.

ვენტილაციის და კონდიციონერების ფილტრების შეცვლა უნდა მოხდეს დადგენილ რეჟიმში მომსახურე პერსონალის მიერ პირბადეების და დამცავი საშუალებების გამოყენებით.

წარმოდგენილი რეკომენდაციები,  საინჟინრო კონტროლი ჰაერში ვირუსული ნაწილაკების ან წვეთების კონცენრაციის შემცირებისათვის არ ეწინააღმდეგება WHO და CDC პოზიციებს.

-თქვენი აზრით კორონავირუსი არ ვრცელდება ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების მუშაობის შედეგად?

-ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი შეიძლება გავრცელდეს ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების მუშაობის შედეგად. იმ უსაფრთხოების ზომების დაცვა, რასაც გვირჩევს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა აუცილებელია. რაც შეეხება მექანიკური ვენტილაციის სისტემების ექსპლუატაციის წესების შემუშავებას, მიგვაჩნია  სასიცოცხლოდ აუცილებელიად, განსაკუთრებით ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს აბიტურიენტებისათვის ნორმალური გარემო პირობების შესაქმნელად. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული