პრეზიდენტის ადმინიტრაციამ შშმ პირთა ისტორიების კონკურსი გამოაცხადა

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის „შშმ პირთა ისტორიების კონკურსი“ გამოაცხადა.

კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს,  საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა, პრესკონფერენცია გამართა.

 “გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები  წლებია ახორციელებენ პროექტებს  შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები.  კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინოთ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები”, – აღნიშნა სიმონ პეტრიდისმა.

მისი ინფორმაციით, შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება 3 ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. 

კონკურსისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

“კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. 

კონკურსი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მის ორგანიზებას მომავალ წლებშიც ვგეგმავთ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე”, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსის პირობები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისტორიების კონკურსი მიზნად ისახავს შშმ პირთა შესახებ სოციალური სტატიების/სიუჟეტების პოპულარიზაციას და შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: შშმ პირებს, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ბლოგერებს.

2. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს ერთი ისტორია, ან სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ, ან ემიგრაციაში მყოფ შშმ პირთა შესახებ.

3. კონკურსის მონაწილემ ისტორიასთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.

4. ასევე, უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და ორგანიზაცია რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარი არ არის განსაზღვრული.

6. საკონკურსო კომისია: შშმ პირთა ისტორიების კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელთა შემადგენლობა ყოველ წელს შეიცვლება და არ იქნება საჯარო კონკურსის დასრულებამდე.

საკონკურსო მასალები უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge 

Facebook Comments
%d bloggers like this: