საქართველოს ელჩი თურქეთში: საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია

Nusagi

საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფაქტია, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა Gurcuhaber-თან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომლის საფუძველზეც ინერგება უსაფრთხოების ახალი სტანდარტები. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირებისა და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის მიმართულებით.

„შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორების მიღება. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამავდროულად, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სხვ.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით. ასევე, ამოქმედდა სპეციფიკური რეგულაციები სასტუმროებისთვის, რომლის თანახმადაც განთავსების ყველა ობიექტს ადგილზე შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო და მხოლოდ მათთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ისინი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, პირველი ივლისიდან იგეგმება სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, ასევე, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. რაც შეეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთს, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია და მიმდინარეობს მუშაობა, რათა ერთობლივად განისაზღვროს ერთგვარი სამოქმედო გეგმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შედგა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრების საკმაოდ ნაყოფიერი სატელეფონო საუბრები“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მყარი სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა.

„ამ რთულ პერიოდშიც კი, ფაქტობრივად არ შენელებულა ურთიერთთანამშრომლობის ტემპი. ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებისთანავე, სწორედ თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით გახდა შესაძლებელი უხანში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა.

თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ასევე, მეზღვაურები, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში.

თურქეთმა, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -„USHAŞ“-ის სახით, შექმნა მოქნილი მექანიზმი სამედიცინო ტურიზმის განახლებისთვის და 20 მაისიდან უცხოელ და მათ შორის ქართველ პაციენტებს უკვე მიეცათ ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოსვლის შესაძლებლობა; ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დიდ დეფიციტს წარმოადგენს, თურქეთის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის ფასდაუდებელი დახმარებითა და საელჩოს დიდი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოძიება თურქეთში, შესაბამისი ნებართვების მოპოვება და საქართველოში ჩატანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციები.

თავის მხრივ, საქართველომ საგრძნობლად გაუმარტივა ქვეყანაში თუ რეგიონში ჩარჩენილ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამავდროულად, ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთ სოლიდარობით და შეთანხმებით, არ შეფერხებულა საერთაშორისო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან, კავკასიის, შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უაღრესად ეფექტური ზომები მიიღო და სწორედ ამის წყალობით, ქვეყანა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: