მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის დროებითი სიხარული ტყუილი აღმოჩნდა

Nusagi

„დროებითი, ერთი თუ ორდღიანი სიხარული, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რომ თითქოს კონგრესმენები დაირაზმნენ, თქვან, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ და მათი ეს ნარატივი გაიზიარეს, ტყუილი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, თავად დოკუმენტში შინაარსის საწინააღმდეგო ერთი ფრაზა იყო ყველაზე უცნაური და ამას თავისი ახსნა უნდა ჰქონოდა, რადგან მთლიანი სულისკვეთება იყო, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და ქვეყნის პროდასავლურობა არის უმაღლეს ნიშნულზე და ერთი ფრაზა საერთოდ გამორიცხავს და თავდაყირა აყენებს ამ ყველაფერს.

„ეს „ჩაკვეხებული“ ფრაზა ნიშნავდა, რომ რაღაც უცნაურობა იყო და ამ უცნაურობას წერტილი დაუსვა დონ ბეიკონმა, როდესაც თქვა, რომ საერთოდ არ იყო მისი შედგენილი, გაემიჯნა ამ ფრაზას და მხარი დაუჭირა დოკუმენტის სულისკვეთების. აღმოჩნდა, რომ ეს ფრაზა ტექნიკური პერსონალის ჩაწერილი იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლობისტები სტრატეგიულ პარტნიორამდე ზუსტი ინფორმაციის მიტანას უზრუნველყოფენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი კი აკეთებს იმას, რომ ასეთი მანვებლური ფრაზები ჩაიწეროს და ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანოს, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

„ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. თან საქმის გაფუჭება არის მარტივი – ასეთი რაღაცის გაპარება რთული არ არის. რთულია, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს ყველა შენი ნაბიჯის შესახებ მიაწოდო ამომწურავი და დეტალური ინფორმცია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ იყოს დამოუკიდებელი; აირჩიოს დასავლური კურსი; რომ აშშ სრულფასოვნად მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყოს და ამას აღწევს – ყველა დოკუმენტსა და განწყობაში ეს აისახება და ცდილობენ, ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: