ვახტანგ ლომჯარია: რომელი შხამიანი გველი შეიძლება შეგვხვდეს თბილისში, როგორ ამოვიცნოთ და რა უნდა მოვიმოქმედოთ კბენის შემთხვევაში

Nusagi

თბილისში გველებთან დაკავშირებული გამოძახებები გახშირდა,-ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მკვეთრი მატება იმას უკავშირდება, რომ მაისამდე დაბალი ტემპერატურა იყო და ქვეწარმავლები სითბოს ელოდებოდნენ, რომ გამოსულიყვნენ საკვების მოსაპოვებლად და გასამრავლებლად.

„მიმდინარე წელს უკვე 80 გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა ყოველ წელს ჩვენ ვიჭერთ 400-მდე გველს და ვუშვებთ უსაფრთხო ადგილას. მათი მოკვლა არ ხდება, მთავარია, რომ ადამიანებისგან მოშორებით იყვნენ, სადაც მათი ბუნებრივი არეალია. წელს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ გველის დანახვისას, მოვერიდოთ მას, არ წავიდეთ მისი მიმართულებით, ხოლო თუ გვიკბინა, თავი შევიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან და გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა“,-განაცხადა მან.

ლომჯარიას თქმით, თბილისში ქვეწრმავალი შესაძლებელია, ყველგან იყოს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია გარეუბნებში, სადაც ახლოს არის ტყე, ან თბილისის აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებით. მისივე თქმით, გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც მღრღნელები შეიძლება იყოს.

„გველის სახლში შეყვანა მექანიკური გზითაც შეიძლება, მაგალითად ის შეიძლება იყოს ჩანთაში, რომლითაც პროდუქტები მიგვაქვს, ასევე შესაძლებელია, გამოყვეს სატვირთო ავტომობილს, რომელსაც კახეთიდან მოაქვს საშენი მასალები, ქვიშა და სხვა. ანტისანიტარიის დროს, სადაც ჩნდება მღრღნელები, იქ შესაძლოა იყოს გველიც, ამიტომ აუცილებელია, ეზო გავათავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისგან, გავთიბოთ ბალახი“,-განაცხადა მან.

ლომჯარიას თქმით, არ არსებობს მეთოდი, რომელიც იძლევა 100-პროცენტიან გარანტიას პროფილაქტიკისთვის.

„არსებობს სითხე, რომელსაც ვასხამთ ხოლმე, თუმცა წვიმის შემდეგ ისიც ირეცხება. მთავარი წესი, რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ არ ვიმოძრაოთ ქვეწარმავლის მიმართულებით, ძალიან იშვიათია როდესაც ისინი თვითონ ესხმიან თავს ადამიანს, თუმცა არის ერთი გველი, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ, ეს არის  წითელმუცელა მცურავი, რომელიც არ არის შხამიანი, მაგრამ ძალიან აგრესიულია და ცდილობს, თავისი ტერიტორიიდან განდევნოს ადამიანი. ის მოდის შეტევაზე და შეიძლება გამოეკიდოს კიდეც. თუმცა, მთავარია, შხამიან გველებს მოვერიდოთ“,-განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

​მისივე თქმით, შხამიანი გველები, რომლებიც თბილისში შეიძლება იყოს, ეს არის გიურზა და კიდევ ერთი-ორი სახეობა.

„გიურზას გარდა, შხამიანი გველებიდან შესაძლებელია თბილისში შეგვხვდეს კატისთვალა და ცხვირრქოსანი გველგესლა. სააგენტო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ქვეწარმავლის დანახვისას, ოთახში იქნება თუ ეზოში, სჯობს ჩვენ გამოგვიძახოთ და ჩვენ გავერკვევით, შხამიანია თუ არა“,-განაცხადა მან.

ლომჯარიამ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ შეიძლება განვასხვავოთ, შხამიანია თუ არა ქვეწარმავალი.

„გველხოკერა ძალიან სახასიათოდ გამოიყურება. მისი თავი ძალიან ჰგავს ხვლიკის თავს. ეს არის უფეხო ხვლიკი და სრულიად უწყინარი და უსაფრთხოა ადამიანისთვის. ყველაზე საშიშია გიურზა, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია ამოვიცნოთ, მას აქვს წვრილი კისერი, შედარებით მსხვილი თავი, ძალიან მოკლე კუდი, რომელიც ძალიან მალე ვიწროვდება. შხამიანი და არაშხამიანი გველის თვალის ფორმაც განსხვავებულია. ნაკბენის შემთხვევაში კი, თუ შხამიანია- უნდა იყოს ორი ეშვის ნაკბენი, თუ არაშხამიანია- მთლიანი ყბის მოდება უნდა იყოს ჭრილობაზე. არცერთი გველი, რომელიც საქართველოშია, არ არის ისეთი ძლიერ შხამიანი, რომ არ გვქონდეს დრო სასწრაფოს გამოსაძახებლად, ექიმის მოსვლამდე, თავი უნდა შევიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან. მშვიდად უნდა ვიჯდეთ, ან ვიწვეთ“,-განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ შხამიანი გველი წყალში არ ჩადის, ასევე მითია, რომ გველი წყალში ჩასვლისას შხამს ქვაზე ტოვებს. თუმცა, წყალში ინტოქსიკაციას ვერ ახერხებს. 

„ჩვენ თბილისს ვემსახურებით, სამსახურის გამოძახება შეგიძლიათ ნომერზე 2 421 424, ჩვენი რამდენიმე ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში მზად არის, დაგეხმაროთ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: