„სხვა ერის შვილს, უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ერთი ქართველის სახით, მთელ ერს შეურაცხყოფა მიაყენოს!“

Nusagi

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში წერს:

“აქა ამბავი, გაბუნია-კადიროვისა..”) მოსკოვში, სტუდენტობის პერიოდში ერთი სტუდენტი ჩეჩენი მსუბუქად გალახეს (რამოდენიმეჯერ “წამოარტყეს თავში”) ქართველმა სტუდენტმა ბიჭებმა, რომელიც ძმად
და მეგობრად მიაჩნდათ… მიზეზი პროზაული გახლდათ, იმ ჩეჩენმა ერთ-ერთ ქართველს, ჯერ ნაქირავები ბინის გასაღები მოპარა და შემდეგ იქიდან ძვირადღირებული მაგნიტოფონი ააწაპნა… მისი ქურდბაცაცობა ერთ კვირაში სრულიად შემთხვევით “გაიშიფრა”, მან მაგნიტოფონი დააბრუნა და ამით ინციდენტი დასრულებულად ჩაითვალა… თუმცა, ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ერთ-ერთი ჩეჩენი , რომელთანაც ვმეგობრობდი, ჩემთან მოვიდა (უნივერსიტეტის ვესტიბიულში) და მეუბნება: “ჯუმბერ, ვიცი, რომ შენ მონაწილეობა არ მიგიღია ჩეჩენი ბიჭის ცემაში, მაგრამ, ამასთან დაკავშირებით დალაპარაკება გვინდა თქვენთან, ქართველებთან და საღამოს შევხვდეთ, სადაც იტყვითო..”. – მე, ლექციების შემდეგ შევთავაზე შეხვედრა, იქვე, უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერში.. ასეც მოხდა, 5 ჩეჩენი ბიჭი მოვიდა, თან ის ჩეჩენი ჰყავდათ მოყვანილი, რომელიც გალახეს ჩვენებმა.. ჩვენ 4 ბიჭი ვიყავით, თუმცა არცერთი იყო იმათგან, ვინც ის ჩეჩენი ცემა..

შეგნებულად არ წავიყვანეთ ისინი, გვაინტერესებდა, რისი თქმა უნდოდათ ჩეჩნებს, თანაც არც იმ ნაცემი ჩეჩნის მოყვანას ველოდით… ჩეჩნებიდან წლოვანებით ყველაზე უფროსმა (უფროსკურსელმა)) დაიწყო ლაპარაკი, გვითხრა, რომ მათ იციან ყველაფერი, რაც მოხდა და საქმის გარჩევას და თავისიანის გამართლებას არც აპირებენ, პირიქითო, თქვა და – გაუქანა და მთელი ძალით დაარტყა გაშლილი ხელი მის გვერდით მდგომ ქურდობის ჩამდენ ჩეჩენს, რომელსაც სისხლი თქრიალით წამოუვიდა ცხვირ-პირიდან, ერთ დარტყმას მეორე მიაყოლა, მესამეც, მოკლედ, კარგა მაგრად ცემა, ოღონდ ხელით, წაქცეულისთვის ფეხი არ დაურტყამს(!), დანარჩენი ჩეჩნები ამას მშვიდად უცქეროდნენ… შეგვეცოდა უმოწყალოდ ნაცემი და ვინც ცემდა იმას ვუთხრით, თუ ძმა ხარ შეწყვიტე, აღარ არის საჭირო, ცოდოა-თქო… რაზეც შემდეგი პასუხი გაგვცა, – ეს ნაძირალა, ცოდო კი არა, სამარცხვინო ადამიანია, მეგობარი გაქურდა და ამ ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავს, სწორედ ამიტომ გვინდოდა ქართველებთან შეხვედრა, რომ გენახათ, თუ როგორ მკაცრად ვსჯით ჩეჩნები ჩვენს შემარცხვენლებს და არა “უბრალო, თავში წამორტყმითო”… და დაამატა, კიდევ იმის თქმა გვინდა თქვენთვის, რომ ჩვენ, ჩეჩნებს ერთი დაუწერელი კანონი გვაქვს, რაც არ უნდა დაუშავოს ჩეჩენმა ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელს, ჩვენ უნდა შეგვატყობინონ და თავად ჩეჩნები მოვთხოვთ ისეთ პასუხს (თუ საჭიროა სიცოცხლესაც გამოვასალმებთო), რომელიც სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებასო! ჩვენ ვუთხარით, თუ სწორედ გავიგეთ იმის თქმა გინდათ, რომ, – “სხვების ხელი არ უნდა მოხვდეს ჩეჩენს-თქო”? – ჰოო, იყო პასუხი, მითუმეტეს, როცა საუბარია საერთო ნაცნობებზე, უნივერსიტეტის სტუდენტებზე, იგივენაირად მოვიქცევით ჩვენც, თუ რომელიმე ქართველი არასწორად მოგვექცევაო… სხვა შემთხვევაში, აწი, ჩეჩენზე ხელის ამწევი, მტყუან-მართალის გარჩევის გარეშე, ასმაგად გაილახებაო!.. ამით საუბარს მოვრჩით და დავემშვიდობეთ ერთმანეთს…

ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ბევრ ქართველს, ვინც აქ ფბ-ზე კადიროვის მუქარას ამართლებს გაბუნიას მისამართით, ვუთხრა, – ჩვენსას, ქართველ ადამიანს, ჩვენვე უნდა მივხედოთ, ვინც არ უნდა იყოს
იგი (და რაც არ უნდა ჩაიდინოს მან), – “ცაში მონავარდე არწივი, თუ საქათმეში მოკრიახე ქათამი”!.. და სხვა ერის შვილს, უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ამ ქართველის სახით მთელ ერს შეურაცხყოფა მიაყენოს!.. დიახაც, უცხოსგან ქართველი ადამიანის დაჩოქებისკენ მოწოდება, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს… “დაჩოქებას”, პუტინის წინაშე, თავად კადიროვია მიჩვეული, პუტინის “სალდატს” უწოდებს საკუთარ თავს, თუმცა ეს შიდაჩეჩნური ამბავია
და მათი გასარჩევია, ჩეჩნებს ეს არ ესწავლებათ და უჩვენოდაც მიხედავენ მას, ადრე თუ გვიან…
P.S. ორი “მამლაყინწას”, გაბუნია-გვარამიას საქციელი ზოგადად და ამ შემთხვევაში, ყოვლად ამაზრზენია, უსუსურობა და არაკაცობაა, თუნდაც შენი მოსისხლე მტრის ტელეეთერში უშვერი გინება, მითუმეტეს, როცა “სოციალურად დისტანიცირებული”
ხარ მისგან, 2 000 კმ-ით!“ – წერს ჯუმბერ კირვალიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: