ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძემ უნდა უპასუხოს კითხვას – ვინ აფინანსებს?

Nusagi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, თავის კოლეგას, ანა დოლიძეს მოუწოდებს, გაასაჯაროოს, ვინ აფინანსებს მის სამოქალაქო მოძრაობას.

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონით არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება.

„მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი იუსტიციის საბჭოში მყავდეს ბევრი თანამოაზრე. შეიძლება ითქვას, რომ დავრჩი აბსოლუტურად მარტო. ვინაიდან, როგორც ჩანს, დღევანდელი განცხადებიდან ანამ პირდაპირ ხელი მოაწერა და გადავიდა პოლიტიკაში. თუმცა, როგორც ჩანს, ამას არ აღიარებს.

ანას სრული უფლება აქვს გადაბარგდეს პოლიტიკაში. მაგრამ, გადაბარგდეს და არა ისე, რომ აქაც და იქაც. ეს მიუღებელია და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მითუმეტეს, რომ ის უკვე სხვა პოლიტიკოსებთან ალიანსშია. შეიძლება მათ საერთო პოლიტიკური ინტერესები გამოიყენონ იმისთვის, რომ საბჭოს წევრად დარჩეს ანა და ამ ტრიბუნით ისარგებლონ და პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ. ეს ჩემთვის მიუღებელია.

რა შეიძლება ამის უკან იმალებოდეს? ანას აქვს ოფისი, ანას აქვს ორგანიზაცია და შესაბამის ფინანსები. ჰყავს თანამშრომლები. მისი პრესსამსახურის თანამშრომლები მინახავს აქა, ჩემს ბრიფინგებზე. ყველამ იცის, ყველა ჟურნალისტმა რომ მას აქვს ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა. და საიდან აქვს ეს ყველაფერი? მან უნდა გასცეს კითხვას პასუხი, ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს? რომელიც ამავე დროს არის სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე” – განაცხადა “ტვ პირველთან” ნაზი ჯანეზაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: