საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში კრემლის ჩართულობას გერმანიაში რუსეთის ელჩი უარყოფს

Nusagi

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთის ომის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში კრემლის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ელჩი გერმანიაში სერგეი ნეჩაევი.

მანამდე, 18 ივნისს, გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ საბრალდებო დასკვნაში მკვლელობის შემკვეთად რუსეთის მთავრობა დაასახელა.

“ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობა ვადიმ კ.-ს რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა დეპარტამენტებმა დაავალეს”, – ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

რუსეთის ელჩის სერგეი ნეჩაევის თქმით, გერმანიის გენპროკურატურას ამ საქმეში რუსეთის მონაწილეობის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.

„ბრალდების დასკვნაში არსებობს მტკიცებულება, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით მოხდა. თუმცა, ეს, როგორც მანამდე, არ არის ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული“, – ციტირებს რუს დიპლომატს რუსული პროკრემლისტური სააგენტო TASS.

ნეჩაევმა აღნიშნა, რომ ამ საქმესაა მიბმული ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევება იმის გამო, რომ რუსეთი სათანადოდ არ თანამშრომლობდა გერმანულ მხარესთან მკვლელობის გამოძიებაში.

2019 წლის 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში სროლით მოკლა საქართველოს მოქალაქე.

კრასიკოვი ცხელ კვალზე დააკავეს. დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაული ჩადენილია რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით, საქმის გამოძიებას ფედერალური პროკურატურა შეუდგა.

გერმაბული მედიის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო დამკვეთები არიან ან პუტინის რეჟიმი, ან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. ხანგოშვილი ამბოხებული ჩეჩნების მხარეს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში.

Facebook Comments
%d bloggers like this: