მოსკოვში სერიული მკვლელი სანტექნიკოსი დააკავეს, რომელიც ქალებს და ბავშვებს 10 წლის განმავლობაში კლავდა

 მოსკოვის ოლქში დააკავეს 53 წლის ანდრეი ეჟოვი. სანიმუშო მამა და მშრომელი სანტექნიკოსი სერიული მკვლელი, კაშირელი მანიაკი აღმოჩნდა,-ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ეჟოვის მსხვერპლთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და ხანშიშესული ქალები. ის მსხვერპლს ირჩევდა, უთვალთვალებდა ფანჯრებში და ფანჯრებიდანვე აღწევდა მათ სახლში. თავდასხმას მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა. 

კაშირის მკვიდრი ანდრეი ეჟოვი 30 წელი ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ამ ხნის განმავლობაში ის მამა და ბაბუაც გახდა, ბოლო დროს ეჟოვმა ცოლს განუცხადა, რომ აღარ აინტერესებდა, როგორც ქალი. თუმცა წყვილი ნორმალურ ურთიერთობას მაინც ინარჩუნებდა.

მეზობლები, კოლეგები და ნათესავები ეჟოვს წყნარ, პატიოსან და მშრომელ ადამიანად ახასიათებენ. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ მათ გვერდით კაშირელი მანიაკი ცხოვრობდა, რომელიც წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მოსკოვის გარეუბნების მცხოვრებლებს.

ვერაფერს ხვდებოდა მეუღლეც, რომელიც ფიქრობდა, რომ ქმარი ღამე სახლიდან საკანალიზაციო მილების შესაკეთებლად  გადიოდა. ქალი სკოლაში პედაგოგ-ფსიქოლოგად მუშაობდა. სწორედ იქ შეარჩია ეჟოვმა 2020 წლის დასაწყისში თავისი მორიგი მსხვერპლი- 10 წლის გოგონა. თავდასხმამდე მანიაკმა ბავშვის თვალთვალი დაიწყო.

ეჟოვი დანაშაულს შებინდებისას სჩადიოდა, მას მხოლოდ პირველი სართულები აინტერესებდა, დადიოდა და ეძებდა ბინებს, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. თავისი სუსტი აღნაგობის წყალობით, ადვილად ძვრებოდა პატარა სარკმლიდანაც კი. ყველაზე ადვილად ამას კერძო სექტორში ახერხებდა, სადაც ძველი, ხის ფანჯრებიანი სახლები დგას. ბინაში შეღწევამდე ის ჯერ ფანჯრიდან უთვალთვალებდა მსხვერპლს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის მარტო იყო. 

თუ სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მანიაკი მიდიოდა, თუმცა ფანჯრების ქვეშ გათელილ მცენარეებს ტოვებდა, რაც ხშირად შეუმჩნეველი არ რჩებოდა. სახლის პატრონებს კვალი ქურდის ეგონათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა საშინელებას იყვნენ გადარჩენილი.

მანიაკისთვის ქალის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის თავს ესხმოდა ბავშვსაც და 88 წლის ქალსაც. 

პირველი მკვლელობა მანიაკმა 2010 წელს ჩაიდინა. კაშირის რაიონში, ფრუნზეს ქუჩაზე ფანჯრიდან შეძვრა 79 წლის ქალის ბინაში, გააუპატიურა და გაგუდა. მეორე თავდასხმა 3 წლის შემდეგ დაგეგმა. ახალ მსხვერპლთან, ლუნაჩარსკის ქუჩაზე ისევ ფანჯრიდან შეაღწია და პენსიონერი ქალი მისივე ხელჯოხით გააუპატიურა და გაგუდვა სცადა. ქალი საასწაულებრივად გადარჩა, თუმცა საავადმყოფოში რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

2013 წლის აპრილში მანიაკი სტუპინოში, 61 წლის ქალთან შეძვრა და მოკლა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ ეჟივი კვლავ გამოვიდა „სანადიროდ“. 2015 წელს 42 წლის ქალს თავს დაესხა და მოკლა. 

ამის შემდეგ ეჟოვი, 5 -წლიან პაუზას აკეთებს და 2020 წლიდან ისევ იწყებს „ნადირობას“.

2020 წლის 3 იანვარს მამაკაცი ერთ-ერთ კოტეჯში, ფანჯრიდან შეძვრა, მეორე სართულზე, სადაც 10 წლის გოგონას ეძინა. გოგონას მამამ, 53 წლის ბიზნესმენმა ბავშვის საძინებელი ოთახიდან უცნაური ხმა გაიგო, სწრაფად ავიდა მეორე სართულზე და მოასწრო მამაკაცის დანახვა, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. უცნობის დევნის დრო არ იყო, მამას უგონოდ მყოფი ბავშვი უნდა გადაერჩინა. გოგონა სიკვდილს გადაურჩა, მანიაკი მას ახრჩობდა, რის გამოც ბავშვს ენის ქვეშა ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. თავდაპირველად ეჭვი მამაზე და ოჯახის სხვა წევრებზე მიიტანეს, თუმცა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ. 

ექიმების თქმით, ბავშვი გაუპატიურებული იყო, მან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ამ დრომდე მკურნალობს.

2020 წლის თებერვალში მანიაკმა 14 წლის მძინარე გოგოს მოკვლა სცადა, რომელიც სახლში მარტო იყო. გოგომ წინააღმდეგობა გაუწია, ხელები გააშვებინა და თვითონ დაესხა თავს ბოროტმოქმედს, რომელიც შეშინებული ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მანიაკის ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოახერხეს. 

მკვლელის კვალზე გასვლა სამართალდამცველებმა მისივე უცნაური ჩვევის მეშვეობით შეძლეს. ქალაქის ერთ-ერთმა ვიდეოკამერამ აღბეჭდა უცნაური მამაკაცი, რომელმაც ბალახში საბუთები გადაყარა. როგორც გაირკვა, ეს იყო ცოტა ხნის წინ მოკლული, 88 წლის პენსიონერი ქალის პასპორტი და სხვა პირადი დოკუმენტები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანიაკს ჩვევად ჰქონდა, მსხვერპლის სახლიდან საბუთების მოპარვა, თუმცა სხვა მანიაკების მსგავსად, ეჟოვი მათ არ ინახავდა და მალევე ყრიდა. 

2020 წლის 2 ივნისს მანიაკი თავის უკანასკნელ მსხვერპლს გაუსწორდა. 

88 წლის ქალის ცხედარი სოციალურმა მუშაკმა იპოვა, რომელიც მასთან მოსანახულებლად მივიდა. 

ეჭვმიტანილი თავისი სახლის სადარბაზოში აიყვანეს. მისი დნმ-ის ნიმუში 4 მოკლული ქალის ბიომასალას დაემთხვა. აღიარებით ჩვენებაში ეჟოვმა განაცხადა, რომ მას ძალიან მოწონს გარდაცვლილებთან სექსი, რითაც გამომძიებლები შოკში ჩააგდო.

სამართალდამცველების თქმით, მანიაკს დეტალურად ახსოვდა 10 წლის წინანდელი მკვლელობის ყველა დეტალიც კი. ეჟოვმა განაცხადა, რომ მოკვლის სურვილი წელიწადში ორჯერ უჩნდებოდა, რაც ეჭვს ბადებს, რომ მას 2015-2020 წლებშიც ექნება ჩადენილი მკვლელობა, რომელსაც ჯერჯერობით არ აღიარებს. 

ამჟამად მანიაკის საქმეს მოსკოვის საგამოძიებო სამსახური იძიებს. მან 7 მკვლელობა უკვე აღიარა. 

Facebook Comments

ახალი დადებული