თინა ფუტკარაძე: მიხარია, რომ ვემსახურე საქართველოს, ვფიქრობ, უამრავ კარგ საქმეს კიდევ გავაკეთებ

Nusagi

21-ე საუკუნემ ქალს ახალი როლი, შესაძლებლობები და თვითგამოხატვის საშუალებები შესძინა. ახალი ათასწლეულის ქალი სხვა წესებით თამაშობს. ჩვენს დროში ძლიერმა ქალმა ისწავლა, როგორ შეინაჩუნოს სილამაზე ბუნებრივობა, შედეგებს თანამშრომლობით აღწევს და არა შეჯიბრით, მას შეუძლია პატიება, ზრუნავს შინაგანი სამყაროსთვის და საკუთარ უნიკალურობას უფრთხილდება. იმისთვის, რომ წარმატებული გახდეს საქმეში, ქალს დღეს იგივე სტრატეგია სჭირდება, რაც ოჯახში ურთიერთობის დასამყარებლად. მან იცის, როგორ დააინტერესოს, ხორცი შეასხას თავის ჩანაფიქრს და ამავდროეულად, იქონის ლავირების უნარი განსხვავებულ გარემოში. 

აჭარაში სწორედ ერთ-ერთ ასეთ ქალს მივაგენით და „ინფო ფოსტალიონისტვის“ მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.

თინა ფუტკარაძე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს, პროფესიით ისტორიკოსია, ადრეულ ასაკში ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროშიც.

-სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა პოზიციებზე ვიმუშავე, ამავდროულად, ვარ დედა, მეუღლე და შვილი. დატვირთული გრაფიკი მაქვს, მე და ჩემი მეუღლე ერთდროულად ვბრუნდებით სახლში და ვთვლი, რომ ბევრად მეტის გაკეტება მიწევს, როგორც ქალს, თუმცა არ ვწუწუნებ, რომ დავიღალე, სრულად ვფლობ სახლის საქმეებს და სამზარეულოს საქმეებს არავის ვუნაწილებ.

-როგორი მეუღლე და დედა ხართ?

-ალბათ ეს ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ კარგია, რომ მე მკითხეთ… 11 წელია ერთად ვცხოვრობთ, გვყავს 8 წლის ქალიშვილი, ერთნაირად დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ნამდვილად არ მირეცხავს ჭურჭელს, რაც ცუდია, თუმცა მე თავად არ ვაცლი საოჯახო საქმეებში მონაწილეობას.

-სამსახურში დავალების უსიტყვო შემსრულებელი ხართ, თუ გიყვართ ინიციატივა და ინტერპრეტაცია?

-უსიტყვოდ შემსრულებელი ზოგადად, ჩემი სტილი არაა. პირიქით, ზოგჯერ ზედმეტადაც ინიციატივიანი ვარ და ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ჩემს სამსახურს. სადაც ვიმუშავე ყველგან გამომიჩენია ინიციატივა და უამრავი წარმატებული პროექტიც განხორციელებულა. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, სადაც სირცხვილი იყო საკუთარი თავის წარმოჩენა, სხვას უნდა შეემჩნია შენი შესაძლებლობები. საბედნიეროდ, ვიზრდებოდი თავისუფლად მოაზროვნე და დემოკრატიულ ოჯახში, სადაც უსიტყვოდ არ ვასრულებდი მშობლების დავალებებს, პირიქით, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და თავს  დამოუკიდებელ ადამიანად მივიჩნევდი ბავშვობიდანვე.

-სამხედროებთან მუშაობამ იქონია გავლენა თქვენს შემდეგ სამსახურში, თანამშრომლებთან უერთიერთობაზე? 

-თავდაცვის სამინისტროში მუშაობა რომ დავიწყე, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მქონდა, მართალი გითხრათ, ეს გამოცდილება დაჩრდილა სამხედროების პასუხისმგებლიანმა, დისციპლინირებულმა სამუშაო რეჟიმმა, მე ვისწავლე რას ნიშნავს წამი, წუთი და საათი სამსახურში. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება და ვემსახურე საქართველოს! ვემსახურე ქართველ ჯარისკაცებს, რისი რესურსიც მქონდა მაქსიმალურად.

– რაზე ოცნებობთ?

-ბანალურად ჟღეს, მაგრამ ვოცნებობ ბედნიერ საქართველოზე, ვოცნებობ, ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი და იყოს ულევი სიკეთე. პირადი სურვილებიც ბევრი მაქვს და ალბათ ბუნებრივია, როცა ხარ 42 წლის და 25 წელი საჯარო სამსახურში გაატარე, შესაბამისად, გაქვს სურვილები წინსვლის, მაგრამ არასოდეს იმაზე მეტის, რისი რესურსიც არ გამაჩნია. ვფიქრობ, უამრავ კარგ საქმეს კიდევ გავაკეთებ და ამის საშუალება ბევრჯერ მომეცემა.

-მეგობრებისთვის გრჩებათ დრო?

-ალბათ ისე ხშირად ვერ ვნახულობ, როგორც მინდა. ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია და ამ ფორმით ვივსებ მათ მონატრებას. ჩემი მეგობრები მარტო ჩემს ქალაქში არ ცხოვრობენ. საქმე იმაშია, ვისაც  ვთვლით მეგობრებად, წლების შემდეგ, ფაქტიურად, ოჯახის წევრები ხდებიან, ნაწილი შვილების ნათლიაა, ნაწილის ნათლია შენ ხარ. ამ ბოლო დროს შვილიშვილი მოვუნათლე მეგობარს, აღმოაჩენ, რომ ერთი დიდი სამეგობრო გყავს და თან, ბუნებრივად შექმნილი.

 -ბედნიერი ხართ? 

-ძალიან ბედნიერი ვარ და არა მარტო ბედნიერი, მადლობელიც. მყავს ორი შვილი უფროსი 25 წლისაა მათე კირკიტაძე. უმცროსი ალინა ჯაყელი -8 წლის. როცა ადამიანს დედამიწაზე უფალი აძლევს დედობის უფლებას თუნდაც დეიდობის, მამიდობის და სულერთია, სიცოცხლის უფლებას ანიჭებს, ვთლი, ყველა ადამიანი ბედნიერია. ზოგადად სიყვარული მგონია ბედნიერება. ადამიანს, ვისაც სიყვარული შეუძლია. ბედნიერი მგონია ყველა.

-გული თუ უტკენია ვინმეს და როგორ გამკლავებიხარ?

-კი, ცხოვრებაში გული რა თქმა უნდა, მტკენია. ზოგი მტკივნეულად გადამიტანია. ალბათ, პირველი ოჯახი რომ დამენგრა, უფრო მეტად მაშინ მქონდა ტკივილიანი პერიოდი. ოჯახის დანგრევით გამოწვეულზე მეტად ადამიანების კითხვები, უფრო, დაკითხვები მაღიზიანებდა. ზოგადად, ძლიერი ადამიანი ვარ და ვთლი, რომ სიკვდილიც კი ღირსეულად უნდა მიიღოს ადამიანმა. ცხოვრება დედამიწაზე გამოწვევაა და ვინ რა გზით და რა ფორმით შევძლებთ მის გატარებას, ჩვენი ნებაა, ჩვენი გზაა. ტკივილებით მოცული გზა განსაცდელია და მაინც უფლის სიყვარული და მისი ნებაა. ბევრჯერ მიტირია, ბევრჯერ დავეცი, მაგრამ უფრო მეტად გავნიცდიდი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, დღეს სხვა ღირებულებები მაქვს. ჯანმრთელობა და სიმშვიდე ყველა გულისტკივილს ამარცხებს!

-ახალგაზრდა ვიყავიო ამბობთ, არადა არაჩვეულებრივად გამოიყურებთ. როგორ ინარჩუნებთ ახალგაზრდობას, ფორმას, სილამაზეს? 

-როცა პირველი შვილი შემეძინა სამშობიაროში შემისრულდა 18 წელი. მალე ის 26 წლის გახდება, ყოველდღე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რაც 26 წლის დედობას ახლავს. როცა მისი ასაკის ახალგაზრდები მხვდებიან, არ დაგიმალავთ და მიხარია, რომ არ სჯერათ ამხელა შვილის დედა რომ ვარ. არასოდეს ვუვლი განსაკუთრებულად თავს, არც პროცედურებს ვიტარებ, უბრალოდ მიმაჩნია, გენეტიკაზე ბევრია დამოკიდებული და ვარ ძალიან, ძალიან მოწესრიგებული. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და ბევრი საქმე გავაკეთო, გვიან ღამით ვრჩები საკუთარ თავთან და ვემზადები, რომ მეორე დღეს ფორმაში ვიყო. მგონი, ეს სავალდებულოა, რადგან პატივს იმ საზოგადოებას სცემ პირველ რიგში, სადაც გიწევს ყოფნა. მიხარია, რომ ასე დამინახეთ და გულწრფელად, ცოტა შემრცხვა კიდეც.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: