მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა

Nusagi

მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს – ასე შეაფასა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება მამუკა მდინარაძემ.

„უკვე ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ამ ნაწილს არ მოიცავდა. მისივე თქმით, ეს ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ წავუკითხოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რას მოეწერა ხელი 8 მარტს. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც აღსრულებაში ჰპოვა ასახვა და რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: