ცოტნე გამსახურდია რობოტი-ტრენაჟორის დახმარებით პირველ ნაბიჯებს დგამს!

ცოტნე გამსახურდია შესაძლოა რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანონ. ამის შესახებ Facebook-ში მისი მეუღლე ანა ჯაბაური წერს.

ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნეს მდგომარეობა კვლავ მძიმეა, არ შეუძლია ლაპარაკი და დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა შეინიშნება პროგრესი – იგი სპეციალური რობოტის დახმარებით გადაადგილდება.

„მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს, თუმცა მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა – გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს – საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.”-წერს ანა ჯაბაური

Facebook Comments

ახალი დადებული