ომბუდსმენი: პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია

Nusagi

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია.

ომბუდსმენმა პლენარულ სხდომაზე „ფეიქ ნიუსთან“ დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის წინააღმდეგ საგრძნობია დეზინფორმაციის აგრესიული კამპანია, არამარტო სოციალურ ქსელებში, არამედ ტელევიზიის მეშვეობითაც.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ პირებს და ინსტიტუტებს ძალიან აზიანებს.

„ძალიან რთულია დაკავდე და მთელი შენი დრო მიუძღვნა საკუთარი ინსტიტუტის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილებას, მითუმეტეს როდესაც ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, როგორიც არის რეკლამის დაფინანსება ან სახალხო დამცველის შესახებ ინფორმაციის დასპონსორება, გავრცელება და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან აზიანებს ინსტიტუტებს და კონკრეტულ პირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა და ეს გვიწერია კიდევაც ანგარიშში, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ მოხდება, არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, სიძულვილის ენის გამოყენებაზე. მესმის, ვერავის ვერ აუკრძალავ ერთმანეთის მიმართ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებას და მათ შორის, არაეთიკური ფორმით შეფასებას და ა.შ. ესეც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, დავარეგულიროთ და ჩარჩოებში მოვაქციოთ გამოხატვის თავისუფლება, ეს არ იქნება სწორი. ერთადერთი გამოსავალია მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მოხდეს შეთანხმება, როგორც ხდება – ჯელტმენური შეთანხმება იქნება თუ მემორანდუმები პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ სიძულვილის ენის გამოყენება, იქნება მიუღებელი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: