რომელ პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ზოგი მედიასაშუალება ახალგაზრდებს, ტაშს რომ უკრავს მათ შეურაცხყოფას, ფარების მტვრევა- წართმევას?

Nusagi

დღეს თითქმის არც ერთ ტელევიზიას საქართველოში არ აქვს მორალური უფლება, დასვას გულის ამაჩუყებელი, რიტორიკული კითხვები სიყვარულის დეფიციტსა და აგრესიის მოძალებაზე,- ასე ეხმაურება მაკა ბოცვაძე 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული თოქშოუებს.

მაკა ბოცვაძის თქმით, მედიასაშუალებების ორმაგი სტანდარტები უბადრუკად გამოიყურება.

„რომელ პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ზოგიერთი მედიასაშუალება ახალგაზრდებს, ლამის 24 საათიან რეჟიმში თავად რომ აქილიკებს, ლანძღავს და მოძალადედ ხატავს? ტაშს უკრავს პოლიციელების შეურაცხყოფას, ფარების მტვრევა- წართმევას, ჯოხებით ცემას და ხელებს იფშვნეტს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციელების თავში ტყაპუნსა და აბუჩად აგდებაზე?
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, დღეს თითქმის არც ერთ ტელევიზიას საქართველოში არ აქვს მორალური უფლება დასვას გულის ამაჩუყებელი, რიტორიკული კითხვები სიყვარულის დეფიციტსა და აგრესიის მოძალებაზე. ეს ყველაფერი ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, თქვენი “დამსახურებაცაა”.

თქვენ ახდენთ ყოველდღიურად დაპირისპირების, ძალადობის, ქიშპის, აყალ-მაყალისა და ერთმანეთის შეურაცხყოფის ტირაჟირებას ეკრანებიდან. თქვენ არა, ეს დაღლილი, დაუმსახურებლად აბუჩად აგდებული საზოგადოება დასტირის თავის თვალებდათხრილ და გამეტებით მოკლულ ჩვენს გოგო-ბიჭებს.
ძალიან ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიხდება, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ თქვენ და თქვენს დამკვეთებს არ გაწყობთ დაიწიოს დუღილის ტემპერატურა, დაწყნარდეს საზოგადოება, რადგან მაშინ სხვა კომპეტენცია და პროფესიონალიზმი იქნება საჭირო და მხოლოდ სენსაციებით და პროვინციული ამბიციებით ფონს ვერ გახვალთ.

ამას გარდა, იქნებ დამშვიდებული ადამიანი უკეთ დაფიქრდეს: ბოლოს და ბოლოს რა გვინდა, საით მივდივართ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ?…“,-წერს მაკა ბოცვაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: