Advertisements

დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – რადიკალური, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება

დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ასევე იმ დეპუტატებს, რომლებმაც კონსტიტუციურ კანონის პროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.

„თამამად შეიძლება ითქვას, დღეს, საქართველოს პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

„ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილისხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული. დასასრულს, „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული