დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

Nusagi

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას ისევ არ აპირებენ, რადგან გიორგი რურუა კვლავ დაპატიმრებულია.

რაც შეეხება ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აღნიშნულ პროექტს. ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს 73-დან 30-მდე შეამცირებს, სწორედ დღეს გაირკვევა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: