ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75-პროცენტიანი მაჩვენებელი ექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75-პროცენტიანი მაჩვენებელი ექნება. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საუკეთესო შედეგი, რაც კი ვაქცინით მიგვიღია, ეს წითელას ვაქცინა იყო, რომელსაც ეფექტიანობის 98-97-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ამას მივაღწევთ, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს. მე 70-75-პროცენტიანი ეფექტიანობის მაჩვენებელიც დამაკმაყოფილებს“, – განაცხადა ფაუჩუმ.

​ამასთანავე, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, აშშ-ში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შანსები დაბალია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

„სიენენის“ მიერ გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების ერთი მესამედი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

Facebook Comments

ახალი დადებული