სლოვენიაში სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების გამო შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

Nusagi

სლოვენიაში კორონავირუსის პანდემიის დროს დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით გამოძიების გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა ალეშ ჰოისმა თანამდებობა დატოვა.

ქვეყნის შს მინისტრის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ზდრავკო პოჩივალშეკის წინააღმდეგ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის საქმის ფარგლებში გამოძიების დაწყებას უკავშირდება. ალეშ ჰოისი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მიმართულია პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას „მემარჯვენე-ცენტრისტული“ მთავრობის წინააღმდეგ. ჰოისის განცხადებით, თანამდებობა დატოვა სლოვენიის პოლიციის უფროსმაც.

სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის საქმეს სლოვენიის გამოძიების ეროვნული ბიურო იძიებს. გამოძიების ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრისა და სხვა ეჭვმიტანილების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ეკონომიკის მინისტრი კი, გარკვეული დროით დააკავეს.

გამოძიების ინტერესს 8 მილიონი ევროს ღირებულების სუნთქვის აპარატების შეძენის ხელშეკრულება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში იანეზ იანშას მთავრობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები პრემიერს კორუფციაში, ასევე მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: