ნონა ქევხიშვილი: ქობალიას თავის ბანდაში ჰყავს ერთი ქალი, რომელიც მე მომიქსია

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნონა ქევხიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს, ლოთი ქობალიას თაღლითობაში სდებს ბრალს. ქევხიშვილის თქმით, ლოთი ქობალია მას ეროვნული მოძრაობის აღორძინების მოტივით, თვეების განმავლობაში, მოტყუებით ფულს სძალავდა. მას შემდეგ კი, რაც ქალმა შეიტყო, რომ ატყუებდნენ, ქობალია დაცინვასა და  მუქარაზე გადავიდა. 

გუშინ ნონა ქევხიშვილმა სოციალური ქსელში ლოთი ქობალიას საჯაროდ მიმართა. მისი თქმით, თანხა, რომელსაც ბინის საყიდლად წლების განმავლობაში აგროვებდა, ქობალიამ მიითვისა და დღეს მისი გამწარებით ზეიმობს. ნონა ქევხიშვილის თქმით, ქობალია ცბიერი ჯალათია. 

მარტოხელა დედა შიშობს, რომ საქართველოში დარჩენილ მის შვილებს ქობალიამ შესაძლოა, რამე დაუშავოს. ქვეხიშვილის წერილი ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

დეტალებზე სასაუბროდ ჩვენ ნონა ქევხიშვილს იტალიაში დავუკავშირდით.

-ქალბატონო ნონა, როგორ დაგიკავშირდათ ქობალია და როგორ მოახერხა ამხელა თანხის გამოძალვა?

– 2018 წლის შემოდგომა იყო დაახლოებით, სოციალურ ქსელში შემოვიდა ჩემთან და დამიმეგობრდა. ჩვეულებრივ, ფეის სივრცის საშუალებით. ჩვენი პირადი მეგობრობა დაიწყო ზვიად გამსახურდიას და 1991 – 93 წწ მოვლენებთან დაკავშირებული საუბრებით. მე მართლაც ერთ- ერთი ძალიან აქტიური ვიყავი იმ წლების მოვლენებში, 2 თებერვალს დახვრეტილი მიტინგის ჩათვლით.. ვიცოდი ლოთი ქობალია, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. მან შეისწავლა ჩემი ბიოგრაფია და საკუთარი თავიც აცრემლებული შვლის ნუკრივით წარმომიდგინა. მეუბნებოდა, რომ ძალიან განიცდიდა ზვიადის დამხობას და ოჯახიც კი შესწირა ეროვნულ მოძრაობას. თუმცა, სულ გაიძახოდა, რომ 6 მლნ. რუსული მანეთი ვასესხე ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის შესაქმნელად და აბა რა გამომივიდა, დავკარგე ფული და ომიც წავაგეო…. მეუბნებოდა, რომ მას ოჯახშიც სულ ამას საყვედურობდნენ.

-ფულს რა მიზეზით გართმევდათ?

-თავიდან თავისი ოჯახისთვის მთხოვა 1000 ევრო. მე კატეგორიულად ვუთხარი, რომ  შვილს სახლი უნდა ვუყიდო ამ ფულით და იმიტომ ვარ აქ გადმოხვეწილი თქო. ოღონდ ახლა გამმართე და როცა მეტყვი, მაშინ მოგცემ შენს საცოდაობით ნაწვალებსო. სულ ასე არტისტობდა, ვითომ ვეცოდებოდი. შემდეგი თანხა 2019 წლის მარტში, ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის მთხოვა. თან პარალელურად, მის თანაგუნდელად და ერთგულად მიმიღო. მითხრა, რომ აქვს ვეტერანთა საბჭო და რომ ის არის კანონიერი სარდალი. თურმე არც სარდალი არ ყოფილა იურიდიულად. ჩემში ერთგულება აუწონავი ოქროა და ვენდე, როგორც ზვიადის ერთგული და თანამებრძოლი, თანაც კაცური სიტყვაც მომცა, რომ ფულს როცა დამჭირდებოდა, მომცემდა. მე ისიც ვუთხარი, რომ 2020 წლის იანვრამდე არ მჭირდებოდა და მანამდე შეღავათს მივცემდი.

ქობალიამ თანამოაზრეები და მისი ნდობით აღჭურვილი პირები ბაკურ ეფენია და გია ჩუთლაშვილი დამისახელა. მითხრა, ბიჭებს ვეტყვი, რომ ეს ფული ყველამ ერთად უნდა დავდოთ და დავუბრუნოთ ქალს მის ნაწვალებიო. 3200 ევრო მთხოვა, ამ იუბილეზე  მანანა არჩვაძე და სოსო ჟღენტი უნდა მოვიწვიოთო. აგრეთვე ტელევიზია, დეპუტატები და საზოგადოების ცნობილი წევრები ერის გაერთიანებისთვისო. 

მე ვუთხარი, მე შენ გასესხებ ფულს და შენთან მექნება საქმე, ვერ დავუწყებ ბაკურის და გიას ფული მომეცით ლოთიმ თქვენზეც მითხრა თქო. 

დიდი მადლობები მიხადა და სულ იმას იძახდა, შენ ისეთ საქმეს მაკეთებინებ, რომ მიწები უნდა გავყიდო და აქეთ უნდა გაჩუქო 20 000 დოლარი რომ ჩამოგიყვანოო, რადგან ეროვნული მოძრაობა ამოძრავდა და ერის გაერთიანების პერსპექტივა გაჩნდაო.

-შემდეგ რა მოხდა?

-ზვიად გამსახურდიას იუბილემ ჩაიარა, მარტო ქობალიამ გადამიხადა მადლობა…შემდეგ მალევე დამიკავშირდა და მეუბნება, ისეთი ხალხი იყო ჩამოსული, რომ საქმე უფრო დაიძრა და ოღონდ ახლა ნუ გამაჩერებო, ვმუშაობ კიდევ პროექტზე, რა და როგორ გავაკეთოთ, შეხვედრები მეწყება და შენი იმედი მაქვსო. არ ვიცი, ისეთი ნდობა დატოვა ურთიერთობით ჩემთან, რომ მართლა ვენდობოდი, მართლა ზვიადის ერთგული მეგონა. სულ იძახდა, მე სამხედრო ვარ და ერთხელ რომ ვიტყვი, გასაგებიაო.

დავთანხმდი იმედიანად, მეგობრობა ასეთ საქმეს არასდროს ღალატობს და შენს გვერდი მიგულე მეთქი. 

მითხრა, მე წავალ ახლა ფოთში გურამ ლაკიასთან და ბაკურ ეფენიაც უნდა ჩამოვიდესო. გეგმა შევიმუშავე და უნდა განვიხილოთ, დავილაპარაკოთ, რა და როგორ მოვიქცეთ და შენს იმედად მივდივარო. კარგი თქო… და როცა დავთანხმდი, დამირეკა და მითხრა, ფოთში მივდივარ ლაკიასთან და ბაკურიც მოვაო. ვეტყვი ბიჭებს, რომ შენ გვამოძრავებო. სულ 11 ათასი ევრომდე აქვს წაღებული.

ამბობდა, ყველამ იცის, რომ მთელ გუნდს შენ ამოძრავებ, მე სად მაქვს მაგის საშუალებაო და მაღმერთებდა, რომ იტყვიან.

-როგორ მიხვდით, რომ გატყუებდათ?

– ერთხელაც ახლობელმა მითხრა – ნონა, ყური მოვკარი, ქობალია ნონა ქვხიშვილს წველისო. ეგრევე ლოთის დავუკავშირდი და ვუთხარი, შენთვის უცხო პირმა მითხრა, რომ თურმე მე მწველი თქო. იუარა მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა.

-როგორ?

– ქობალიას თავის ბანდაში ჰყავს ერთი ქალი, ვინმე ნანა ჩხიკვაძე, რომლიც ქალური ეჭვიანობის გამო, სულ მლანძღავდა ფარული პროფილებით. ამის შესახებ სხვებმა მითხრეს. მე ქალური ხრიკი მოვიშველიე და ქობალიას ვუთხარი, მაგ ქალს შენი გუნდიდან გამოუტანია ამბავი თქო. ეგრევე გამოტყდა ლოთი, ნახე მაგას რას ვუზამო,  ცოტა ხნის მერე დაფიქრდა და ფაქტი მომეციო, ან ვინ გითხრაო… ახლა არ მაქვს ფაქტი, მაგრამ მაინც გავიგებ მეთქი ვუთხარი. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, უკვე დავკარგე მისდამი ნდობა. თანაც ფაქტი არ მქონდა ფულის გადაცემის, მხოლოდ გზავნილი…  ყველაფერი დატრიალდა თავში და მივხვდი, რომ მე ქობალიამ ფული დამტყუა. მივწერე, მე უნდა ჩამოვიდე თქო და სულ ვაკვირდებოდი სიტუაციას. ძალიან ბევრ ტყუილში დავიჭირე. 

ერთ დღესაც, დათო ჯიჭონაიამ, რომელიც ერთი ჭორიკანა პიროვნებაა, (უხარია ადამიანების გადაკიდება ერთმანეთზე) გამომიგზავნა მიმოწერა, სადაც ჩანს, რომ ლოთი და ჩხიკვაძე მე დამცინიან. ეს ნანა ჩხიკვაძე კი, წერს დათო ჯიჭონაიას ჩემზე, რომ ჯერ იწველება და ხმას იმიტომ არ ვიღებო, დებილიაო, ლოთი სულ ლანძღავს და მის მონაწერებსაც  მაკითხებსო.​

აი აქედან დაიწყო ყველაფერი. ლოთის კატეგორიულად მოვთხოვე ფული, მაგრამ ქობალია ხან დამცინოდა, ხან მემუქრებოდა. მისი მონაწერები, ყველაფერი მაქვს შენახული. ხან უარყოფს, ხან მწერს, ვითომ ცოლობას ვაძალებდი და ხან ვითომ მე დავუნიშნე ხელფასად. ამ სიტყვებს „ხელფასი როდის იქნებაო“,  სულ იძახდა სიცილ -ხარხარით, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ წინასწარ გათვლილი და დადგმული სპექტაკლი იყო.

ეს ნანა ჩხიკვაძე ჩემს კედელზე შემოვიდა და იქაც დამიწერა, ხელფასი უკან არ ბრუნდებაო …ესეც შენახული მაქვს. ეს კაცი არის ეშმაკი, ოღონდ ადამიანის სახით.

– ბოლო დროს ქობალიაზე ბევრი დაიწერა, ერთი ქალბატონი მას სადისტურ მოპყრობაშიც ადანაშაულებდა. თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, თუ არ გჯეროდათ?

-ნანახი მქონდა youtube-ზე, მაგრამ ქობალიამ დამარწმუნა, რომ ის ქალი აგენტი იყო, ხაბურძანიასთან და თევდორაძესთან არის შეკრულიო, ხალხს ფულს სძალავდაო. მისმავე ახლობელმა მითხრა, წიხლებით სცემდაო, მაგრამ თვითონ უარყოფდა. ახლა მე და თამილა ერთად ვართ და ორივეს გვინდა ჟურნალისტური გამოძიება. მე მას ბოდიშიც მოვუხადე, ქობალიასი რომ მჯეროდა. 

– ანუ ლოთი ქობალია საერთოდ უარს ამბობს ვალის დაბრუნებაზე?

-იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა და თუნდაც ის ეთქვა, ნელა ნელა გაგისტუმრებო, პირიქით, დამცინა და მასხარად მიგდებდა თავის თანაგუნდელებთან ერთად.  ყველას ჩემი თავი ალანძღვინა. არ ვიცი რატომ, დღემდე შოკში ვარ.. არადა, თვითონ ჩემთან მის მეგობრებს სულ ლანძღავდა და შურიანებს ეძახდა… იმათთან კი, მე მასწორებდა თურმე მიწასთან. ეს არის ცბიერი ქვაბავაზაკი და შავი სატანა. მე ეს პირში მივახალე და მიპასუხა, შევარდნაძე მოვატყუე და შენ ვინა ხარო. მის გარშემო სულ ყალბი ადამიანების ხროვაა და ერთად არიან საქმეშიც. სწორედ ესენი მომისია ქობალიამ და დაიწყეს ჩემი დამცირება. ბოლოს რომ ცრემლებად ვიქეცი, მიმაგდო თავის დისშვილ მერაბ პაპასკირს, მას ვუყვებოდი ამ ყველაფერს. პაპასკირმა მითხრა, ლოთი ფულს არ დაგიბრუნებსო. სხვაგან კი უთქვამს, ცოლად ეძალებოდაო და ახლა იმიტომ თხოვს ფულსო. იგივენაირად ცდილობენ სახელი გამიტეხონ, როგორც ამას თამილას უკეთებდნენ. ბოლოს მერაბ პაპასკირმა მითხრა, ბაკურ ეფენიას მიმართე და იქნებ ფული დაგიბრუნოს, ლოთი მარტო მაგას უჯერებსო.

ბაკურის დავურეკე და რატომ მაშინ არ დამირეკე, როცა ესიყვარულებოდი და ფულებს ურიცხავდიო ასე დამცინავად მიპასუხა… როდესაც გავმწარდი და ავუტეხე ამბავი, პაპასკირმა მითხრა, ბაკური არაფერ შუაში არააო… წესით, როცა ერთად არიან საქმეში, ფულიც უნდა გაიყონო და მან კი, ბაკურის დაუმალაო …

-ახლა რას აპირებთ?

-ქობალია ახლა ჩემი ფულის შესანარჩუნებლად იბრძვის მის ქვეშევრდომებთან ერთად. ისინი ათასნაირ ცილს მწამებენ და სახელს მიტეხენ …მე კი ფაქტები მაქვს ნანა ჩხიკვაძის და ლოთი ქობალიას ფარული პროფილებიდან მიმოწერების. ამ გვერდების საშუალებებით დაძვრებიან და ხალხს აფუჭებენ. აი ესაა მათი ეროვნულობაც და ზვიადის ერთგულებაც. ამ ქალზე ერთხელ თავად ქობალიამ მითხრა, ნასედკა მეძავი და ერთი ვინმე მკერავიაო. მე ჟურნალისტურ გამოძიებას ვითხოვ.

ქალბატონი ნონა, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება და დაიბრუნებთ თქვენს ფულს. 

-დიახ, მე დღემდე მარხვაზე ვარ და უფალს ვთხოვ, არ ამაცილოს სიმართლის გზას…ქობალია სინამდვილეში ვიცი ვინაა და თუ სამართალდამცველები ჩაერევიან, მოკიდებენ ხელს და გაასამართლებენ, სიმართლის ფარდა აეხდება … ეს თუ შერჩა, მისივე ჩვეული ხრიკებით უარესს იზამს… შვილები საქართველოში მყავს და თუ რამე დაემართათ ბავშვებს, ქობალიას კისერზე იქნება ყველაფერი. ეს სატანა ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც თავი გადაირჩინოს. უღრმესი მადლობა, რომ ყურადღება დამითმეთ და გულიდან ჩემი ნეგატივის ამოხეთქვის საშუალება მომეცით. 

Facebook Comments

ახალი დადებული