არ დამიწერია იმისთვის, რომ მომეთხრო ჩემი წვალება და ტანჯვა, არა, არა, მომისნინეთ!-კახა შალამბერიძე

დილით ჩასაცმელად გამზადებულ პერანგს შევამჩნიე, რომ, საცაა ღილი აწყდებოდა. რადგანაც სხვა რამის მონახვა უფრო რთულ საქმედ მომეჩვენა, ვიდრე ამ ღილის მიკერება-გამაგრება, გადავწყვიტე ეს საქმე გამეკთებინა და ნემსი და ძაფიც მოვიმარჯვე…
აი , აქ დაიწყო რაც დაიწყო, ხომ ვერაფრით გავუყარე, ხომ ვერაფრით მოვახვედრე ძაფი ნემსის ყუნწში.
არადა რომც არ მოვეშვი?! ჯიუტი ვარ!..
არ ვიცი, ალბათ, ორი, სამი საათი ვიწვალე და ვერა და ვერ გავარტყი ნახვრეტში. ვიცი ახლა ჩემს ენამწარემოსწრებულ მეგობრეს რა გადგათ ენის წვერზე, მაგრამ ტყუილად ნუ გაირჯებით, იმ საქმეს თვალი არ ჭირდება.

არც ეს ამბავი დამიწყია იმისთვის, მომეთხრო ჩემი წვალება და ტანჯვა, არა, არა, მომისნინეთ:
ვერ გავუყარე, მაგრამ უცებ დავაფიქსირე რომ კი არ ვიგინები და ვბრაზობ, ვიღიმი…
,,მოდი ბებია, გამიყარე ძაფი ნემსში”…
,,მოი ბებო გენაცვალოს, ამიგე ნემსი და ძაფი”…
,, ყოჩაღ, ‘ჩემი მერცხალა ბიჭი, ჩემი ლამაზთვალება”
ღმერთო ჩემო, როგორ მიხაროდა, რა ამაყი ვიყავი, თითქოსდა მე რომ არა, არც ნემსი და ძაფი იარსებებდა, არც რაიმე შეიკერებოდა.
რა იოლად და რა უცებ ვუყრიდი და როგორ მიკვირდა, რატომ ვერ ახერხებდა ამას ყოვლისშემძლე და ჯადოქარი ბებია, რომელსაც უცებ, არსაიდან შეეძლო გაეჩინა ჩურჩხელა, ხაჭაპური, ჭყინტი ყველი და მოეხდინა ისეთი სასწაულიც კი, შეეკავებინა და დაეწყნარებინა საცემრად გამოკიდებული, გაბრაზებული დედაჩემი და შევეფარებინე თავისი ჯადოსნური წინსაფრის უკან…
ჰოდა, ნემსისა და ძაფის აგებას კი ვერ ახერხებდა…
,,დაბერდები ბებია და ნახავ, ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს!”..
აი დავბერდი, ბებია, დავბერდი…
და მივხვდი, რატომაც ავიჩემე ეს პერანგი…
მამაჩემი ხშირად დადიოდა მივლინებაში და ბაბუა სულ აბარებდა, პერანგი ჩამომიტანეო, აი, ჩასატანიებელი კი არა, გადმოსაშვები რომ არისო, გვერდზე ჩაჭრილები ოდნავ, გულზე ერთი ჯიბე და კალთებზეც ჯიბეები. საყელოც ჩვეულებრივი, ,,სტაიაჩი” კი არა, გაწოლილილი, დაფენილი…
ჰო, ხალათს ეძახდა ბაბუა…

მახსოვს ცისფერი და ღია რუხი ეცვა ხოლმე და აუცილებელი ატრიბუტი ცილინდრი…
მიდის და ნაცნობებს ქუდის მოხდით ესალმება…
რომ გავიზრდები ბაბუაჩემი მინდა გამოვიდე მეთქი – რომ მეკითხებოდნენ…
დღეს ქუჩაში ბაბუაჩემივით დავაბიჯებდი ,,ხალათით”
და გამვლელებს ცილინდრის მოხდით ვესალმებოდი…
გავზრდილვარ…

ღმერთმა აცხონოს ჩვენი ბებიები და ბაბუები”

კახა შალამბერიძის ფეისბუქ გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული